მთავარი,სიახლეები

სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

02.04.2017 • 2351
სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა დაფიქისირებულა გასულ წელს [2015 წელს იყო სულ 16]. ბათუმის ციხეში 2016 წელს 9 შემთხვევა დადასტურდა, როცა პატიმარს სხვა პირმა მიაყენა დაზიანება. 2015 წელს ამ გრაფის გასწვრივ ასევე წერია – ნული.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ომბუდსმენის ანგარიშში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელია მოცემული. ჯამში ეს რაოდენობა 2016 წელს 3853-ს შეადგენს, 2015 წელს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 3892 სხეულის დაზიანების შემთხვევა დაფიქსირებულა.

ომბუდსმენი თავის ანგარიშში ბათუმის ციხის სხვა პრობლემებზეც წერს, მაგალითად, სანიტარული ნორმების დაუცველობასა და უჰაერობაზე საკნებში.

„დაწესებულების სამედიცინო პერსონლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრებს აწუხებთ ტკივილი წელის არეში, რასაც „ნარის სიმპტომს“ უწოდებენ, რაც განპირობებულია უმოძრაობით და მცირე ფართის საწოლზე ერთ პოზაში წოლით. მათ ასევე აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გამოწვეული უმოძრაობით, კვების და ძილის რეჟიმის დარღვევით, ხშირია თავის ტკივილები, რასაც სამედიცინო პერსონალი საკანში უჰაერობას/ჟანგბადის ნაკლებობას უკავშირებს… მე-3 დაწესებულების სასეირნო ეზოში მხოლოდ ერთი ტურნიკია დამონტაჟებული. პატიმართა ფიზიკური აქტივობების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სასეირონო ეზოების სავარჯიშო ინვენტარით აღჭურვა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში ასევე აფიქსირებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების რეგისტრაციის პრობლემას.

„პატიმრების განცხადებით, მათ არ აქვთ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც ისინი დაამტკიცებდნენ წერილის სოციალური მუშაკისთვის გადაცემის ფაქტს,“ – აღნიშნავს ომბუდსმენი.

ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს არ მიეწოდება ჟურნალ-გაზეთები, „ბათუმელების“ გარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: