კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე

ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი რვა პოზიციაზე – დიოკნისის, ღორჯომის, დიდაჭარის, საციხურისა და ვაშლოვანის თემებში, გამგებლის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა.

8 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 60 განაცხადი შევიდა, საიდანაც საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 47-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ყველაზე მეტი განაცხადი კი დიოკნისის თემის ადმინისტრაციული სამსახურისა და საციხურის თემში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციებზეა შესული.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თქმით, გასაუბრების ეტაპზე გადასული 47 კონკურსანტის ცოდნას ძირითადად თვითმმართველობის კოდექსის კუთხით შეამოწმებენ.

„მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება გასაუბრება, ძირითადად, თვითმმართველობასთან დაკავშირებული კითხვები გვექნება კონკურსანტებთან, ასევე იქნება თავისუფალი კითხვები იმ თემსა თუ სოფელთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობს  კონკურსანტი -თუ როგორ წარმოუდგენიათ თემისა და სოფლის განვითარება“ – ამბობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, ხულოს გამგებლის მოადგილე, ნოდარ მიქელაძე.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი საკონკურსო კომისია, კანდიდატებს, ძირითადად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს.

გასაუბრება 11 პრილამდე ჩატარდება. გასაუბრებაზე კონკურსანტი 6-ბალიანი ქულათა სისტემით შეფასდება და მინიმუმ  3 ქულა უნდა დააგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის გასაუბრების ეტაზე ერთ კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე ყველა კონკურსანტი 3 ქულაზე ნაკლებს მიიღებს, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება.

ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსანტების ცოდნას ხულოში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მიქელაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე და საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, კომისიის წევრები: ნარგიზ დეკანაძე, როინ პაქსაძე და ედუარდ მიქელაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი