მთავარი,სიახლეები

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

01.04.2017 • 2523
მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ვერ გადაწყვიტეს, ვინ სად დაიძინებდა,“ – გვიყვება ადვოკატი მამუკა ზოიძე, იურიდიული დახმარების იურისტი. ის ბრალდებულ გურამ ს.-ს ინტერესებს იცავს.

მეგობრებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის მიმდებარე სკვერში განაგრძეს ჩხუბი, რა დროსაც გურამ ს.-მ დანით დაჭრა ორი პირი – ავთო ფ. მარცხენა ბარძაყის არეში და გიორგი ზ. წელის მიდამოსა და მუცლის არეში.

„მოსამართლემ გაიზიარა პოზიცია, რომ განზრახ მკვლელობის მოტივი ბრალდებულს არ ჰქონია. საქმის არსებითი  განხილვის დროს ჩემ მიერ აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ გ.ს. და გ.ზ,. იყვნენ მეგობრები და გ.ზ ჩხუბში მხოლოდ გამშველებლის სტატუსით მონაწილეობდა. შესაბამისად გ.ს.–ს არანაირი მოტივი და საფუძველი არ ჰქონდა მოეკლა გ.ზ., რადგან ვერ დგინდებოდა დანაშაულის სუბიექტური მხარის აუცილებელი ნიშანი – განზრახვა და მოტივი, ჩვენი მოთხოვნა იყო ბრალდებულ გ.ს–ს ბრალდებიდან ამორიცხვოდა მკვლელობის მცდელობა, რაც სასამართლომ სრულად გაიზირა,“ – ამბობს ადვოკატი, მამუკა ზოიძე.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გურამ ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაცვლად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ცნო დამნაშავედ და სამი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. კანონის ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ ზემდგომ ინსტანციაში უკვე გაასაჩივრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: