სოფელ ვაიოში კომპანია ელექტროსისტემას გზა გადაუკეტეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სამედიცინო დასკვნას სთხოვს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვაიოში მაღალი ძაბვის 220-კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით კომპანიას დღეს, 31 მარტს,  გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა.

„ზუსტ ინფორმაციასა და კოორდინატებს არ გვაწვდიან. მართალია, ანძა ჩემს ნაკვეთში არ იქნება, მაგრამ ხაზები მიწის ნაკვეთებს სრულად გადაფარავს, ხომ შეიძლება სხვა მიმართულებით გავიდეს ხაზები ან მოსახლეობას წარმოგვიდგინონ სამედიცინო დასკვნები?“ –  ამბობს ვაიოელი ლევან მახაჭაძე.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის  სოფელ ვაიოში ერთი ოჯახის განსახლება დარჩა საჭირო. ანძა აქ რამინ მახაჭაძის საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ დაიდგმება.

მოსახლეობის მოთხოვნაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების, ნებართვებისა და ქონების მათვის დეპარტამენტის უფროსი ლევან გოგინიძე ამბობს, რომ ხაზის გაყვანა უსაფრთხოა სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის:

„ამაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა არსებობს. ჩვენ ეს კვლევა ადგილობრივებს ქედაში შეხვედრაზე გავაცანით, აღნიშნული დასკვნა ქედის გამგეობას დავუტოვეთ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დასკვნას გამგეობაში, ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნონ, რაც შეეხება ხაზების გადანაცვლებას, ეს შეუძლებელია, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ხაზები სოფელისათვის აგვეცილებინა.“

სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლის თქმით, ვაიოში, ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერულ ზონაში შესაძლოა 5-6 ოჯახი მოხვდეს.


სოფელ ვაიოში ეხსან, თეიმურაზ, მაია, ჯიმშერ და ჯონი გორგილაძეების საკუთრებაში არსებული ქონება უკვე დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობის გამო, აღნიშნულ მესაკუთრეებს ქონება ექსპროპრიაციის წესით  ჩამოერთმევათ. საექსპროპრიაციო ქონებაა: სოფელი ვაიოში მიწის ნაკვეთი 6100 კვ.მ და შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 204.62 კვ.მ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი