მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31.03.2017 • 3507
რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს  მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და ხელისუფლებისგან აღნიშნული პრობლემების მოგვარება, ასევე, ადგილზე მოწეული ყურძნის  სუფსიდირება მოითხოვეს.

„ქედის ცოლიკაური და ჩხავერი მოსახლეობის მთავარი შემოსავალია, მისი საბაზრო ფასი კი მოყვანის თვითღირებულებას ვეღარ ფარავს. მოსახლეობის მოთხოვნაა ერთ კილოგრამ ჩხავერზე სახელმწიფომ სუბსიდირების სახით 1 ლარი, ხოლო ცოლიკაურზე – 50 თეთრი გადაიხადოს. ასევე მოვითხოვეთ ადგილზე სანერგე მეურნეობის მოწყობა“ – ამბობს ნიაზ შერვაშიძე.

„იმდენად უხარისხო შხამ-ქიმიკატები იყიდება, რომ მოსახლეობას მოსავალი ვეღარ მოგვიყვანია.  ვინც ქუთაისსა და თბილისში მიდის, იქედან ჩამოაქვთ ხარისხიანი პრეპარატები, მაგრამ ვინც იქ ჩასვლას ვერ ვახერხებთ, მოსავალი ვეღარ მოგვყავს. აქ, ადგილზე, უხარისხო იყიდება და მცენარის დაზიანებას იწვევს“  – თქვა ანზორ მანველიძემ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემებს შესაბამის ორგანოებს გააცნობს და იქვე, უმაღლესი საბჭოს კომისიების გასვლითი სხდომები დააანონსა.

„მოსახლეობისა და ხელისუფლების გაუცხოებას ხშირად არასწორი მოლოდინი იწვევს, რომელიც, მოქალაქეს ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ აქვს. ამ შეხვედრის ფარგლებში შევეცადე მოსახლეობისთვის ამეხსნა, თუ რა ფუნქციები გააჩნია უმაღლეს საბჭოს და გავაცანით ფორმატი, რასაც უმაღლესი საბჭო გეგმავს. საუბარია უმაღლესი საბჭოს კომისიების გასვლით სხდომებზე. პრობლემები, რაც მოსახლეობამ დაასახელა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხდომებზე განიხილება“ –  განაცხადა დავით გაბაიძემ.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას ჩხავერისა და ცოლიკაურის სუბსიდირების საკითხზე, დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ კანონით აკრძალული დაშვებულია, მაგრამ მის მიზანშეწონილობაზე შესაბამისმა დარგობრივმა ორგანომ უნდა იმსჯელოს. „მე ამ ეტაპზე სუბსიდირებაზე ვერც კის ვიტყვი და ვერც არას“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

17692625_1310403972388639_1917555534_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: