მრჩეველთა საბჭო ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოსთან მოქმედ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი წევრები კენჭისყრით აირჩიეს.

არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს ახალი წევრები იქნებიან თეონა დიასამიძე „ბათუმის დემოკრატული ჩართულობის ცენტრიდან“ და ნონა ხუჯაძე საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთიდან“, მედიიდან კი მრჩეველთა საბჭოს წევრები იქნებიან საგამოძიებო სტუდია REC-ის ჟურნალისტი ირმა ზოიძე და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

„პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები საზოგადოებრივ დარბაზებში, უბნებში, სადაც ახალი თავმჯდომარეები ირჩევა. საბჭოში სულ 19 წევრი იქნება, 13 საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე და ორ-ორი წარმომადგენელი, ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო სექტორიდან. ბიზნესის ჭრილში სავაჭრო პალატამ უნდა წარმოადგინოს ორი კანდიდატურა, რადგან ეს ასოციაციაა, სადაც ბიზნესსექტორია გაერთიანებული. საბჭო ორი წლის მანძილზე დააკვირდება საკრებულოს საქმიანობას და ორი წლის შემდეგ თავიდან დაიწყება პროცესი.  საბჭოს წარმომადგენელი იქნება სპიკერი, რომლის შერჩევაც მოხდება საბჭოს ფორმირების შემდეგ“  – ამბობს ნათია აფხაზავა,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ახალი საბჭოს ფორმირება 10 აპრილამდე დასრულდება.

საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სათათბირო–საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა.

ფოტოზე: მრჩეველთა საბჭოს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 2016 წ. 

ამავე თემაზე:  

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ 

საია და მრჩეველთა საბჭო ბათუმის რეკლამის ფესტივალისათვის 400 000 ლარის გამოყოფას უარყოფითად აფასებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com