მთავარი,სიახლეები

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

31.03.2017 • 2892
გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ.

„მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ენვერ ირემაძე. ის 2008 წლიდან სამართლებრივი გზით ცდილობს საკუთრების უფლების აღდგენას.

ენვერ ირემაძის გარდა, ჯემალ ბათაძის საქმის შესწავლაც მოუწევს ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას იმის მიუხედავად, რომ მისი სარჩელი წარსულში სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღევანდელი გადაწყვეტილებით გონიოს კიდევ ორი მცხოვრების – რუსუდან ჯავახიშვილისა და მზევინარ ლამპარაძის სარჩელიც დააკმაყოფილა.

„ამ ორი მოქალაქის შემთხვევა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მათ აქამდე სასამართლოში საქმე არ ჰქონიათ და კომისიამ მაინც დაუსაბუთებლად უთხრა უარი საკუთრების აღიარებაზე,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებას იხსენებს, როცა მან გასული წლის 16 სექტემბერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა. ამ დღეს საკუთრების კომისიამ ბათილად მიიჩნია ხელვაჩაურის მიწის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს 2008 წელს გადაცემული მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს.

ბათუმის საკრებულოს ამ ნაბიჯის მიუხედავად, 271 ოჯახიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 17 პირს აღუდგინეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე გონიოში.

„დღეს სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ ეს იყო უკანონო და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების კომისიამ უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა მოქალაქეები. სამწუხაროა, რომ პრობლემის წარმოშობიდან 8 წლის შემდეგაც ვარაუდის დონეზე იღებს გადაწყვეტილებას კომისია,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი იმედოვნებს, რომ ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება და სხვა გონიოელების შემთხვევაშიც ანალოგიური შედეგი დადგება.

მიმდინარე წლის 27 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ 60 გონიოელის საქმეზე აპირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. ეს საქმეები მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს აწერია.

IMG_20170331_104941

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: