მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

29.03.2017 • 1597
„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 29 მარტს, მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მამუკა ერთ-ერთი იყო იმ 80 პირს შირის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს, დილით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ჩვენ იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით ერთად. დილით სახლისკენ მივდიოდით, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგვაკავეს, სპეცრაზმელებიც იყვნენ… არაფერი აუხსნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვიშვეს, მამუკა იქედან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაქარი აწუხებს და ცუდად გახდა,“ – უთხრა მისამართლეს ფრიდონ კიკნაძემ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.

მამუკა ბერიძის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციის მხრიდან „მტკიცების ტვირთის“ დაუცველობაზე, რადგან სამართალდარღვევის ოქმის გარდა პოლიციელებმა სხდომაზე ვერც მოწმე წარმოადგინეს და ვერც ვიდეოჩანაწერი.

11-12 მარტის აქციის შემდეგ მასობრივი არეულობის მოწყობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ 19 პირი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 80 პირის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მათ უმრავლესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: