ხანძარი ქობულეთში

რა ეტაპზეა ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმე, რასაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საუბარია ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელებისა და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების, რომლებმაც დასკვნა დადეს და სასტუმროში უსაფრთხოების წესების დარღვევა დაადასტურეს.

„ჩვენ ჩავატარეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, სადაც განსხვავებული დასკვნა დაიდო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ართმელაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. „ბრალდების მხარის მოწმეებით პირდაპირ არ დასტურდება უსაფრთხოების წესების დაუცველობა“, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

მორიგ სხდომაზე სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დასკვნა მოამზადა.

ზაზა ართმელაძე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა მოსამართლე ირაკლი შავაძემ.

2014 წელს, ქობულეთის ხანძრის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა თანამდებობის პირმა და პრემიერ-მინისტრმა საჯარო პირობა დადეს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები გამკაცრდებოდა, თუმცა დღემდე პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა არ დარეგისტრირებულა.

2017 წლის 2 აპრილიდან ძალადაკარგულად მიიჩნევა კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს კანონი 2013 წელს უნდა გაუქმებულიყო, როცა „სამოქალაქო უსაფრთხოების კანონი“ ამოქმედდა.

„ეს კანონი არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოებას და ამჯერად მხოლოდ ხარვეზის გამოსწორება ხდება. სხვა ახალი ინიციატივა ამ კუთხით ჯერ არ დარეგისტრირებულა,“ – გვითხრა ზურაბ დეკანოიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი