კვირის ამბები,სიახლეები

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

29.03.2017 • 2704
ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემადგენლობის განახლებას გეგმავს. ეს არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა. საბჭოს ორი წლის ვადით სამოქალაქო სექტორი ირჩევს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ხელმძღვანელობდა. მისი მოსაზრებით, ახალმა საბჭომ მუშაობა ქალაქის ურბანული დაგეგმვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებზე უნდა გააძლიეროს: „საბჭოს მიზანი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე დაკვირვება და ბიუჯეტის, როგორც დაგეგმვის ეფექტურობის, ასვე ხარჯვის კონტროლია, საბჭო საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს.“

საბჭოს არსებულ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ახალი წევრების წარდგენა, შემდეგ კი არჩევა პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფილიალი, როგორც საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი ორგანიზაცია, 30 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მართავს შეხვედრას ბათუმში არსებულ საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც ორგანიზაცია აირჩევს ორ წარმომადგენელს საბჭოში.

შეხვედრაზე აირჩევენ ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ-ორ წარმომადგენელს, რომელთა არჩევა ხდება უშუალოდ თითოეული სექტორის მიერ.

ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულიდან კი წარმომადგენლებს ირჩევენ უბნებში არსებული საზოგადოებრივი დარბაზების წევრები [დარბაზის თავმჯდომარე]. საბჭოს 19 წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: