7499

ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების  სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომაქანებს დღეს, 29 მარტს, გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ცხრა ავტომანქანა. აქედან ხუთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო ოთხი – ხელვაჩაურის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პჯდ ცენტრების ავტოპარკის შევსება სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დასრულდება.

2014 წელს სამინისტრომ მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და  ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით შეუსყიდა და გადასცა.

პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 49 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და 184 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.