მთავარი,სიახლეები

ყოფილი კოლეჯის შენობაზე სამუშაოები დაიწყო

29.03.2017 • 3312
ყოფილი კოლეჯის შენობაზე სამუშაოები დაიწყო

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განთავსებისათვის ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე შენობაზე [ყოფილი კოლეჯი] სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 2 162 520 ლარით. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული შპს „ალიგატორი 1“ ატარებს. ორსართულიან შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მესამე სართულს და მანსარდას დააშენებენ.

ამ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია შპს ,,Live Design“ -ის მიერ, რაშიც ხელოვნების უნივერსიტეტს 39 100 ლარი აქვს გადახდილი. სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობასაც ეს კომპანია განახორციელებს, რაშიც მას უნივერსიტეტი დამატებით 15 ათას ლარს გადაუხდის.

IMG_20170329_095250

სამშენებლო სამუშაოები დამცავი ღობის გარეშე ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში / 29.03.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

სამშენებლო სამუშაოები დამცავი ღობის გარეშე მიმდინარეობს, ბეტონის ბლოკები ზედ ტროტუარზეა ჩამოსხმული. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უნივერსიტეტის რექტორს, ერმილე მესხიას განცხადებას დროებითი ღობის მოწყობაზე წერილობით უპასუხა, რომ „…აღნიშნულ მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები“.

17629711_1658458877516865_453925066819843266_n

მიმდინარე წლის 27 მარტიდან ბათუმში ასევე ამოქმედდა საკრებულოს დადგენილება, საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ, რომლითაც რეგულირდება ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუ­შაო­ების წარმოებისას საზოგადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივრცის დროებით სარგებლობასთან, ასევე სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთის განთავსებასთან დაკავ­ში­რე­ბული სამართ­ლებ­რი­ვი, ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები.

შესყიდვების ვებგვერდზე ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ ატვირთული განცხადების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმებოდა 2017 წლის პირველი აპრილიდან, „რის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების პროცედურები და შენობის ექსპლოატაციაში მიღება, რაც თავის მხრივ გარკვეულ დროსთანაა კავშირში. შესაბამისად, საავტორო ზედამხედველობის მოწოდების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ამასთან, გაცნობებთ, რომ მომსახურების დაფინანსება განხორციელდება 2017 და 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მრავაწლიან შესყიდვაზე გაცემული თანხმობის წერილის შესაბამისად“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: