მთავარი,სიახლეები

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

28.03.2017 • 2937
რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა.

„შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

„ბათუმის წყალი“ დაზიანებული ტუმბოებისთვის სათადარიგო ნაწილების გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას ითხოვდა. თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან მიმდინარე წლის 13 მარტს მიიღო. სათადარიგო ნაწილებისთვის 20 ათას 183 ევროა საჭირო. ნაწილების მწარმოებლისგან კი შესაბამისი თანხმობა ნაწილების მოწოდებაზე არის.

„ბათუმის წყალს“, როგორც კომპანიაში გვითხრეს, აქვს 9 სატუმბო სადგური, რომლებიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული: 2 სადგური ბათუმში, თითო – ახალსოფელში, კვარიათში, სარფში და 4 სადგური – გონიოში.

„ამ სატუმბ სადგურებს აქვს დიდი მნიშვნელობა ბათუმისთვის. მათი საშუალებით ხდება კანალიზაციის წყლის თავმოყრა ადლიის გამწმენდ ნაგებობაში. ტუმბოების დაზიანება მოხდა მექანიკური ნარჩენების გამო, რომლებიც აღწევს ტუმბოს შახტაში. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა ძალიან აბინძურებს საკანალიზაციო სისტემას – სატუმბო სადგურებიდან ამოგვაქვს ბორბლები, ნაფოტები, მაისურები, ჯინსის შარვალი, ბაწრები, კატანკები, სამშენებლო ნარჩენები… როცა დინება ძლიერია და მაღალ წარმადობაზე მუშაობს ტუმბო, შეუძლია შეისრუტოს  ნარჩენი და გატეხოს კვანძი. ამისი პრევენცია კი შეგვიძლია იმით, რომ სასწარაფოდ მივიღოთ ზომები სათადარიგო ნაწილების შეძენაზე“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მარიკა გვიანიძემ, სატუმბო სადგურებისა და ადლიის წყალარინების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მარიკა გვიანიძის თქმით, „ბათუმის წყალმა“ 2016 წლის ბოლოს მოამზადა 9 სატუმბო სადგურისა და ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტუმბოებისთვის სათადარიგო ნაწილების შეძენაზე დოკუმენტაცია, გაიგზავნა ბაზრის კვლევაზე. „ველოდებოდით ფასებს და მოხდა ისე, რომ დაზიანდა 2 ტუმბო… ტუმბოები შევაკეთეთ და აღარ დაგვრჩა სათადარიგო ნაწილები… ტენდერით შესყიდვას დრო სჭირდება. ამიტომ, მოგვიწია ასეთი გადაუდებელი წესით გამარტივებული შესყიდვა, თორემ სხვა მიზეზი და მიზანი არ ყოფილა მაგ შესყიდვის გამოცხადებით“.

თუმცა, როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, ორი ტუმბო წელს, პირველ მარტს დაზიანდა. ტენდერი კი სათადარიგო ნაწილების შეძენაზე „ბათუმის წყალს“ დღემდე არ გამოუცხადებია. მეტიც, ანალოგიური პრობლემა ერთი წლის წინაც შეიქმნა.

შარშან, ნახევარმილიონიან ტენდერში, ორი კომპანია მონაწილეობდა. 7 აპრილს კი „ბათუმის წყალმა“ ტუმბოებსა და ტუმბოების ნაწილების შეძენაზე, ხელშეკრულება გერმანულ კომპანია LIAG Technik Transfer-თან, 476 ათას ლარზე გააფორმა. ისე, რომ ახალი ტუმბოები არ იყო მიწოდებული, ერთ-ერთ სადგურში 4-დან სამი ტუმბო გამოვიდა მწყობრიდან.

„№1 საკანალიზაციო სატუმბო სადგურში უეცრად მწყობრიდან გამოვიდა სამი ცალი საკანალიზაციო ტუმბო, რომელთაგან ერთი ტუმბოს შეკეთება შევძელით საკუთარი ძალებით და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გვესაჭიროება 2 ტუმბოს სასწრაფოდ შეკეთება“, – აცხადებდა იმ დროს „ბათუმის წყალი“, რომელმაც სათადარიგო ნაწილების პრდაპირი შესყიდვით შეძენაზე თანხმობა გასული წლის 25 აპრილს მიიღო. მაშინ „ბათუმის წყალმა“ ტენდერის გარეშე მხოლოდ 8400 ლარი დახარჯა ტუმბოების შეკეთებაში.

„ეს არის ძვირადღირებული ტუმბოები და სათადარიგო ნაწილებიც არის ძვირი. ამასთან, ეს ნაწილები აუცილებლად მწარმოებლისგან [გერმანული კომპანია  LIAG Technik Transfer] უნდა შევიძინოთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მინდა მოსახლეობის საყურადღებოდ ვთქვა, რომ საკანალიზაციო სისტემა არ არის სანაგვე ყუთი. კანალიზაციის სისტემაში უნდა მოხვდეს აბაზანის წყალი, საპირფარეშოდან  ფეკალიები, სამზარეულოდან ჭურჭლის ნარეცხი წყალი და არა ის, რომ ახადო ჭას თავი და მთელი ეზოს ნარეცხი ჩაუშვა შიგ… ძვირი ჯდება დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, რაშიც ფულის გადახდა ბიუჯეტს, ანუ ისევ მოსახლეობას უწევს“, – ამბობს მარიკა გვიანიძე. მისივე თქმით, ბათუმის საკანალიზაციო ქსელს, ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტუმბოების ჩათვლით 70-ზე მეტი ტუმბო ემსახურება.

რამდენიმე მოქალაქემ გონიოდან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დასახლებაში ხშირად დგას სპეციფიკური სუნი. უკავშირდება თუ არა ეს გონიოში გამავალ კანალიზაციის ქსელს ან სატუმბ სადგურებს? – მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ ეს სუნი არის მდინარე ჭოროხის პირას მდებარე ნაგავსაყრელიდან: „ამას ნაგავსაყრელს ვერც უწოდებ, ესაა უკონტროლო პოლიგონი, სადაც მახინჯაურის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და გონიო-სარფიდან ყრიან ნაგავს ყოველდღიურად. იქედან წარმოიშვება ეს სუნი. ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ჰაერის კვლევებიც ჩავატარეთ მაგის გამო და დადგინდა, რომ ასეთი სუნების, თუ გაზების ემისია გამწმენდი ნაგებობიდან არ ხდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: