მთავარი,სიახლეები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში – პარლამენტი 3 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

27.03.2017 • 1739
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში – პარლამენტი 3 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

3 000000„განსახილველი ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ტენდერის გამოცხადების და ერთ-ერთის ჩაშლის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება მაღალი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისათვის იქნება შეფერხება“ – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში, ამასთან, „დღემდე მიმდინარეობს დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალებისა და მოთხოვნების დაზუსტება, რაც სავარაუდოდ უნდა დაზუსტდეს 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებში. შესაბამისად წინასწარ შეუძლებელი იქნებოდა შესყიდვის ობიექტების სრულად და დეტალურად განსაზღვრა“.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილების მისაღებად მოწვეულია 600-მდე სტუმარი. ღონისძიების ჩატარებისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროა ადგილის გამოყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით:

  • 1 დიდი ზომის პლენარული სხდომის დარბაზი პლენარული სხდომისა და კომიტეტების სხდომების ჩასატარებლად (არანაკლებ 600 პერსონაზე),
  • 2 საკომიტეტო დარბაზი კომიტეტების სხდომებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრების ჩასატარებლად (არანაკლებ 150 პერსონაზე).
  • დარბაზები აღჭურვილი ავეჯით, აუდიო-ვიდეო და ქსელური სისტემებით;
  • 25-მდე სამუშაო საოფისე სივრცე შესაბამისად აღჭურვილი ავეჯით, აუდიო-ვიდეო და ქსელური სისტემებით.
  • ასევე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებისათვის აუცილებელი მომსახურებები.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო იქნება მე-6 ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელშიც გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია.

ღონისძიებაზე მოწვეულია 50-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის – 28 ნატოს წევრი ქვეყნის, ასოცირებული 12 წევრი ქვეყნის, რეგიონული პარტნიორი და ხმელთაშუა ზღვის ასოციაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. ღონისძიების მონაწილეებს, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამუშაო დღე, 26 მაისი, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თბილისში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელია. ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის პოპულარიზაციას,“ – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

3 მილიონამდე ლარის მომსახურების ტენდერის გარეშე, გამარტივებულ შესყიდვაზე, შესყიდვების სააგენტომ საბოლოო პასუხი პარლამენტს მიმდინარე წლის 30 მარტამდე უნდა გასცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: