მთავარი,სიახლეები

პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

25.03.2017 • 3714
პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად.

“მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა მოსამართლეს გოდერძი გორგილაძემ. მისი ინტერესების დამცველი აღმკვეთის შეფარდების პროცესს არ დასწრებია.

სასამართლო დარბაზში მყოფმა სამივე პროკურორმა სამივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აქცენტი ერთ-ერთ ბრალდებულზე, გოდერძი გორგილაძეზე გაკეთდა, რომელიც აქამდეც ყოფილა ნასამართლევი ნარკოდანაშაულზე, თუმცა ეს ნასამართლეობა, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულს უკვე გაქარწყლებული აქვს. პროკურორებმა თქვეს, რომ აქციის საქმეზე ჯერ კიდევ დასაკითხია რამდენიმე თვითმხილველი და მათზე შესაძლოა ზეწოლა განახორციელონ ბრალდებულებმა, თუკი ისინი პატიმრობაში არ დარჩებიან.

ბრალდებულებს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს პოლიციელებსა და საჯარო უწყებების მიმართ თავდასხმა.

“რატომ უნდა გაუშვათ ციხეში ბრალდებულები, იმიტომ, რომ ორმა პოლიციელმა დაწერა ცრუ ჩვენება?” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებიც კი გაუშვია სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ.

ადვოკატმა მზია დიასამიძემ კი პროკურორებს “აჭარის ტელევიზიასთან” საპროტესტო აქციაზე წლების წინ დაკავებულების საქმე გაახსენა: “მათაც ბრალი დასდეთ მასობრივ არეულობაში, მაგრამ შემდეგ სახელმწიფოს მოუხდა იმის აღიარება, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან”.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ადვოკატს უპასუხა: “თქვენ ხომ არ იყავით ის ადვოკატი, ვინც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა ამ საქმეზე?”.

“იძულებული გახდნენ ეს ადამიანები საპროცესოს დათანხმებულიყვნენ”, – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ამ დროს ორივე მხარე მოსამართლემ გააჩერა: “ეს პოლიტიკური მსჯელობის ნაწილია. დღეს განსახილველ საკითხს ეს არ ეხება…”

ადვოკატების ინფორმაციით, შალვა ფევაძე დედისერთაა და მისი მშობლები ავად არიან. შალვა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს.

ბათუმში ცხოვრობს ბრალდებული მალხაზ ბერიძეც. ის ერთ-ერთ მარკეტში მუშაობს და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პროკურატურამ კიდევ 16 პირს წაუყენა ბრალი. მათგან 15 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

IMG_20170325_170151

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: