მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

24.03.2017 • 4099
ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი რუსეთის 15 ქალაქში გასტროლისთვის ემზადება. რატომ გადაწყვიტეს გასტროლები იმ ქვეყანაში, რომელიც მავთულხლართების გამოყენებთ ოკუპაციის საზღვრებს საქართველოში პერიოდულად აფართოებს? – რუსეთში კონცერტების გამართვა მერიაში უხერხულობას არ უქმნით.

მერიის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის განმარტებით, მიწვევა რუსეთიდან მიიღეს და ხარჯებსაც „მიმპატიჟებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.“

„… ანსამბლისთვის მნიშვნელოვანია გასტროლზე წასვლა. უფრო ადვილია გასტროლები რუსეთში, რადგან ბევრად მაღალია ცნობადობა. კონცერტის ევროპაში გაკეთება უფრო რთულია და მეტ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბიუჯეტში გასტროლებისთვის მაქსიმუმ 50 000 ლარია გათვალისწინებული, რაც ერთ გასტროლსაც არ ეყოფა. ამიტომ ვთანხმდებით იმ გასტროლზე, სადაც ყველანაირ ხარჯს მასპინძელი იხდის. სხვა ქვეყანა არ გვიფინანსებს სრულ გასტროლს და არც ბიუჯეტში გვაქვს საკმარისი თანხა, რომ წავიდეთ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამ ქვეყანაში მერიის ანსამბლს აქვს გასტროლი, მგონი არასწორად აღვიქვამთ, რადგან ბევრი ანსამბლი ჩამოდის იქედან და ჩადის აქედანაც. საქართველოში ნახევარი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა ეკუთვნის გამგეობას ან სამინისტროს, ეს ხელოვნების ისეთი დარგია, რომელსაც საკუთარი თავისთვის ფული ვერ შემოაქვს“, – ამბობს ანა სიხარულიძე.

ანა სიხარულიძის ინფორმაციით კულტურის ცენტრმა რუსეთში გასტროლისთვის მერიისგან მხოლოდ ავტობუსის დასაქირავებლად და დაზღვევისთვის 5000 ლარი მოითხოვა, თუმცა ჯერ თანხმობა გამგზავრებაზე არ მიუღიათ. მერიამ კი ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დოკუმენტში, რომელიც დღეს საკრებულომ დაამტკიცა, ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში გამგზავრების ხარჯი, 5 000 ლარი გაითვალისწინა.

მერიის ანსამბლის მასპინძელი ორგანიზაცია „ ელებრითი ტალანტ ინკორპორეიტედია“. ჯამში რა თანხა დაუჯდება ორგანიზაციას ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი რუსეთის 15 ქალაქში, ამის შესახებ მერიაში არ იციან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც ადასტურებს ბათუმის მერიის ლოიალობას ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მიმართ. მაგალითად, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა 2016 წლის მაისში, ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე, საზოგადოებას რუსულად მიმართა. 

2016 წლის 11 ოქტომბერს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის თანამშრომლემა, ნათია ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც ბათუმის მერიაში იმართებოდა, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები პრეზენტაციის წარმდგენს შეკითხვებს რუსულად უსვამდნენ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: