მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

24.03.2017 • 3158
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს.

მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა შენობას აღარც მინარეთი გააჩნდა, არც კრამიტის სახურავი და მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბის ნაცვლად მეჩეთს ბეტონის კიბეები ფქონდა გაკეთებული, მეჩეთის პირველ სართულზე კი ქვით ნაშენი კედლების ნაწილი და ბუხარი  შებათქაშებული იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ სააგენტომ ძეგლის მდგომარეობა შეისწავლა, შემდგომი რეაგირებისთვის კი მონაცემები ეროვნულ სააგენტოს  გადაუგზავნა.

„ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოების განსახორციელებლად  ველოდებით შესაბამისი პროექტის დამუშავებასა და სამუშაოების წარმოების ნებართვის,“  – ამბობს მირზა ცეცხლაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რეაბილიტაციის შემდეგ დარჩება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საკულტო ნაგებობაზე მეტალო-პლასმასის ფანჯრები და თუნუქის სახურავი და არის თუ არა მისი დათვალიერება უსაფრთხო  მნახველებისთვის, მირზა ცეცხლაძაძე პასუხობს:

„შესწავლილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხე არც ძეგლს და არც მნახველს არ უნდა  ემუქრებოდეს, რაც შეეხება მეტალო-პლასმასის ფანჯრებსა და თუნუქის სახურავს, როგორც აღვნიშნე, პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რაც თავის თავში კვლევას, მეთოდოლოგიის შერჩევას და  დასაბუთებას გულისხმობს. ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, მეთოდოლოგიურად უნდა განისაზღვროს რა სახის სამუშაოები  ჩატარდება, მოხდება ძეგლის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია თუ ადაპტაცია, რომ გაუმჯობესდეს ძეგლის მდგომარეობა. ამ საკითხებზე ეროვნული სააგენტო მუშაობს“.

სოფელ ჭინკაძეებში მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2006 წლის 30 მარტს მიანიჭა.

ამავე თემაზე: 

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: