მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

24.03.2017 • 2081
ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ასეთია წელს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის სლოგანი. ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 24 მარტს აღინიშნება. დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ.

დღეს, 24 მარტს, 14:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ფთიზიატრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით.

ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2016 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2454 ახალი შემთხვევაა. შესაბამისად, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 100000 მოსახლეზე 89.1 შეადგინა, ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე ‐ 66.

2016 წელს აჭარაში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის 397 ახალი შემთხვევა. ინციდენტობის მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე შეადგინა 98, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია; მ.შ. ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2016 წელს 246 შეადგინა. ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთო რიცხვი 2016 წლისათვის რეგიონში 471-ია, 12%-ით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს, პრევალენტობის მაჩვენებელმა შეადგინა 117.

24 მარტს ტუბერკულოზის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Stop TB -საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით ინიცირებული იქნა მხარდამჭერ ქვეყნებში შენობების წითლად განათების აქცია. 24 მარტს განათდება ჯანმოს (გაეროს) შენობები კოპენჰაგენში, კანადაში – ნიაგარას ჩანჩქერი, კალგარი, ედმონტონი და ტორონტო, ესპანეთის 10 ქალაქი – მათ შორის მადრიდი, დიდ ბრიტანეთში- ბირმინჰემი, აბუდაბი, შვეიცარია- ჟენევა, ბრაზილიაში – რიო და ბრაზილია, და. ა.შ. თბილისში წითლად განათდება ანძა.

19:30 საათზე ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ასევე, დაგეგმილია ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის დარიგება, წითლად განათდება კონსტრუქცია „ლონდონის სკვერში“.

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს.

ფოტო: infobatumi.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: