17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

17 წლის მაქსიმი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა. მაქსიმს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მანქანის დაწვა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მაქსიმს სკოლაში არასდროს უვლია, ისევე როგორც მის უმცროს და-ძმებს. მაქსიმს ჰყავს ფეხმძიმე ცოლიც, რომელსაც ასევე არასდროს უვლია სკოლაში.

ბათუმში, ჭაობის დასახლების ერთ-ერთი ქუჩაზე, მოუწყობელ და ვიწრო, ტალახიან ეზოში ქალები სარეცხს რეცხავენ, ბავშვები გართობას ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, რომ პირდაპირ წითელი კარში ცხოვრობს მაქსიმის ოჯახი.

8 სული ერთ პატარა ოთახში

ოჯახში მაქსიმის დედა, ლეილა დაგვხვდა და ყველაზე პატარა შვილი – 4 წლის აიშა. რვასუალიანი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, რომელსაც სველი წერტილი და სამზარეულო საერთოდ არ აქვს. კუთხეში, მტვრით გაბურულ ფანჯარასთან შეშის ღუმელი დგას, მეორე კუთხეში- ტელევიზორი, თხევადი გაზის პატარა ბალონი და ბავშვების ნივთები, მესამეში – ერთი საწოლი, რომელზეც ოჯახის ყველა წევრის ქვეშაგებელი აწყვია.

ოჯახი ყოველდღიურად ამ ოთახში 15 ლარს იხდის, თვეში – 450 ლარს. ლეილა ამბობს, ქურთები რომ ვართ, ამიტომ ბინას არ გვაძლევენ, თან ბავშვები ბევრი მყავსო. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „საღამოს ლეიბებს გვერდიგვერდ ვაწყობთ იატაკზე და ასე ვიძინებთო“, – მიხსნის ლეილა. მერე კართან ჩერდება, მე – გარეთ ვდგები. ის სევდიანი ემოციით ხმამაღლა მიყვება:

IMG_20170323_151529

„ბათუმში უკვე 15 წელია ვცხოვრობთ. მანამდე ხან თბილისში ვიყავით, ხან – ქუთაისში… მაქსიმი 11 მარტის ღამე სახლში იყო, არ ყოფილა აქციაზე. 15 მარტს დაიჭირეს, როცა პოლიციის განყოფილებაში იყო მისული. წინა წელს ქურდობისთვის გაასამართლეს, საჭმლის მაღაზია გატეხა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თვითონ აღიარა  და პატიება ითხოვა. პირობითი ჰქონდა ახლა 5 წლით და ამიტომ მივიდა პოლიციაში.

IMG_20170323_151539ჩემი ქმარიც სამი წელია ციხეშია. იჩხუბა და იმიტომ. 9 წელი აქვს მისჯილი, არ მინახავს საერთოდ, რაც დაიჭირეს, არც მაქსიმი მინახავს. ვიყავი სასამართლოში, მაგრამ იმ დღეს არ ყოფილა თურმე სხდომა, წამოვედი…

თავს ძირითადად დამლაგებლობით ვირჩენთ, ხან ვმათხოვრობთ. გოგო და რძალი ახლაც სამუშაოდ არიან გასულები, ბიჭები არ ვიცი, სად არიან. სკოლაში არც ერთი არ დადის.“

რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში

კითხვაზე, რატომ არ იღებენ ისინი საქართველოს მოქალაქეობას, ან რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში, ლეილა ვერ პასუხობს. ამბობს, რომ განათლების დრო არ არის, სოციალურ სამსახურებს მიმართა და დახმარებაზე უარი უთხრეს.

ლეილას სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ არ იცის, როგორ მოაგვაროს ეს საქმე. მისი თქმით, აქამდე იუსტიციის სახლისთვის მოქალაქეობის მიღების თხოვნით არ მიუმართავს.

რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში? – ლეილას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მან ვერც ის გვითხრა, გაუშვებს თუ არა სკოლაში ბავშვებს, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება. „ახლა ჯერ მაქსიმს უნდა მივხედო, რამე უნდა ვქნა, მაგას მერე მოვიფიქრებ“, – მარიდებს თვალს და პატარა აიშაზე გადააქვს ყურადღება.

IMG_20170323_151356

 

სად არის სახელმწიფო

რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში საერთოდ არ დადიან და წერა-კითხვასაც კი ვერ სწავლობენ – სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში გვითხრეს, რომ „მშობელმა უნდა ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მისი სურვილი თუ არ იქნება, რთულია პრობლემის მოგვარება…“

ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი ამბობს, რომ იცნობს ამ ოჯახის პრობლემას და ორი ბავშვი ე.წ. კრიზისული მართვის პროგრამაში იყო ჩართული გასულ წელს. რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვებს სწავლა მიუტოვებიათ.

„მსგავსი პროგრამა, ჯერჯერობით, ბათუმში არ გვაქვს. ჩვენთან ფსიქოლოგი ესაუბრება მსგავს ოჯახებს, ბავშვებს და ის განსაზღვრავს საჭიროებებს. ჩვენ ლეილას ორი ბავშვი გავაგზავნეთ თბილისში, მაგრამ იქედან თავისი სურვილით წამოვიდნენ. ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის გლობალური პრობლემა. ევროპული ქვეყნებიდანაც კი ბევრი ვერ ახერხებს ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფას, როცა მშობელი წინააღმდეგია, ან მას არ აქვს საჭირო პირობების შექმნის შესაძლებლობა… მე დღესვე გავალ შაფათავას ქუჩაზე და ვნახავ ამ ოჯახს“, – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო

„აშკარად მძიმე სურათია… ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოში ამ კუთხით არსებული პროგრამები არასაკმარისია, ან მათი გაძლიერებაა საჭირო“, – გვითხრა ქეთევან მელიქაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

IMG_20170323_151731„ბავშვის უფლებების უგულებელყოფა“, – ასე აფასებს იგი დედის დამოკიდებულებას, როცა შვილები სკოლაში არ დადიან. ქეთევან მელიქაძე განმარტავს, რომ უგულებელყოფაც ძალადობის ერთ-ერთი სახეა, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ პროცესში მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩაერთოს, თუკი სოციალური დაცვის სააგენტო ყველა სხვა რესურსს ამოწურავს და ექნება ეჭვი, რომ დედა შვილებზე ძალადობს. ბავშვის მინდობით აღზრდის საშუალებასაც სააგენტომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოს.

„მხოლოდ ის, რომ ორი ბავშვი იყო ჩართული პროგრამაში და მიატოვეს სწავლა, არ ნიშნავს იმას, რომ სააგენტომ საკმარისი ძალისხმევა გასწია ამ ოჯახის დასახმარებლად. მესმის, რომ ძალიან რთულია ბავშვი დასვა მერხთან, თუკი იგი მანამდე წლების განმავლობაში ქუჩაში ყოფნასაა მიჩვეული, მაგრამ მუშაობაა საჭირო. ამ შემთხვევაში უნდა მუშაობდეს, როგორც სოციალური დაცვის სააგენტო, ისე განათლების სამინისტრო, რომ ეს ბავშვები მიიყვანონ სკოლის მერხთან. განათლების სამინისტრომ ახლახან დაიწყო პროგრამა „განათლების მეორე შანსი“, რაც ამ ტიპის ბავშვებზეა გათვლილი, მაგრამ ჯერ ეს პროგრამა პილოტური ხასიათისაა. სოციალური დაცვის კუთხით არსებობს პროგრამები, მაგრამ ეს შემთხვევაც აჩვენებს, რომ მათ აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. ბავშვი, რომელიც ქუჩაში ცხობვრობს, მასთან მუშაობას სჭირდება ძალიან კარგი მომზადებული სპეცისლისტები, რომ მოახერხო მათი მართვა… ჩემი აზრით, პირველ რიგში, ალბათ, მთავარი აქცენტი ამჯერად 4 წლის ბავშვზე უნდა გაკეთდეს, რომ ის დროულად ჩაერთოს წინასასკოლო პროგრამებში,“- ამბობს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.

ამ ოჯახის ოთხი წლის გოგონა საბავშვო ბაღში არ დადის.

მოქალაქეობის მიღების თხოვნის ფასი ოჯახისთვის – 2 000 ლარი 

ოჯახს აქამდე არ მიუმართავს სამოქალაქო რეესტრისთვის მოქალაქეობის მისაღებად, რაც ერთ-ერთი პირობაა სოციალური შემწეობის მისაღებად.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გვითხრეს, რომ ისინი დაეხმარებიან ოჯახს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტლება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

კიდევ ერთი: მოქალაქეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი 250 ლარი. ბუკავაძეების ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, მათ 2 ათასი ლარი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მათი საკითხი სააგენტომ განიხილოს. ცხადია, განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ მათი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

 

IMG_20170323_152000

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი