კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

23.03.2017 • 7072
23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“.

1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის.

წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.

ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს.

მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ.

პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.
ამ დროს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი საჯავახოში იდგა და თბილისიდან მომავალ რუსულ ჯარზე შეტევას ამზადებდა.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

17 მარტს შუადღისას მაზნიაშვილმა ქუთაისიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ბარათი მიიღო. გრიგოლ ლორთქიფანიძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ქუთაისში დარჩა ბოლშევიკებთან მოსალაპარაკებლად. ჯერ კიდევ ეგონათ, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა შეიძლებოდა. ლორთქიფანიძე აცნობებდა მაზნიაშვილს, რომ ჩვენს მთავრობასა და ბოლშევიკებს შორის დაიდო დროებითი ზავი და მაზნიაშვილს წინადადება ეძლეოდა, მოეგროვებინა საჯავახოს ხიდთან ცარიელი მატარებლები საბჭოთა ჯარების ბათუმში გადმოსაყვანად.

ბათუმთან სატელეგრაფო კავშირი გაწყვეტილი იყო. პასუხს არც ნატანების ტელეგრაფისტი იძლეოდა.

საღამოს მეექვსე საათზე ბათუმთან კავშირი აღდგა. მაზნიაშვილი გენერალმა მუსხელიშვილმა იხმო ტელეგრაფთან.
მუსხელიშვილი სთავაზობდა, დაუყოვნებლივ ჩასულიყო ბათუმში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში გასამგზავრებლად .

ხაზი გაითიშა. ისედაც ხვდებოდა მაზნიაშვილი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. გენერალი სიტუაციის შესასწავლად წავიდა ბათუმში კახეთის პარტიზანულ რაზმთან ერთად 50 კაცითა და ორი ტყვიამფრქვევით.
ჩაქვის სადგურში იდგა ვალოდია გოგუაძის ლეგენდარული ჯავშნიანი მატარებელი. გოგუაძემ – ახლა დავბრუნდი მახინჯაურიდან და ბათუმიდან გარკვევით მოისმოდა სროლის ხმაო.

ქალაქში შესვლა კი დაუშალეს, მაგრამ მაზნიაშვილი მაინც წამოვიდა ბათუმში, რათა პირადად მთავარსარდლისგან შეეტყო ამბავი.

ნავსადგურის რკინიგზის სადგურში მის მატარებელს ორთქლმავალი მოხსნეს და ახალი არ მისცეს.

დიდხანს მოუწია ლოდინი.

ბოლოს უთხრეს, ბათუმის სადგურთან ტელეფონით გეძახიანო. ტელეფონის ხაზის მეორე მხარეს იყო რევკომის წევრი თენგიზ ჟღენტი. მაზნიაშვილმა პირველად გაიგო მისი გვარი და არც სიტყვა „რევკომის“ მნიშვნელობა იცოდა.

ჟღენტმა უთხრა, მთავრობა გაქცეულია და სანამ გაიქცეოდა, ბოლშევიკები ციხიდან გაგვათავისუფლეს და მთავრობა შევქმენით, სწორედ ამ მთავრობას ჰქვია რევკომიო.

მაზნიაშვილმა არ დაიჯერა და ტელეფონთან იხმო გენერალი ვარდენ წულუკიძე. წულუკიძემაც იგივე დაუდასტურა და უთხრა, ვინც კი მთავრობას არ გაჰყვა, ყველა ბათუმშია რკინიგზის სადგურზეო და სთხოვა, რომ თავადაც სასწრაფოდ მისულიყო მათთან.

7 მარტს ქუთაისის ციხიდან ბათუმის ციხეში სამასი ბოლშევიკი გადმოიყვანეს. სერგო ქავთარაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის. სერგო თავიდან სტალინთან მეგობრობდა, მაგრამ მერე ურთიერთობა გაურთულდათ. სტალინი ტერორის მომხრე იყო, სერგო – ნაკლებად და ამ კამათში 1905 წელს ლამპაც კი ესროლა ბათუმში ქავთარაძემ სტალინს.

1921 წლის 10 მარტის ღამეს სერგო ქავთარაძე ბადრაგის თანხლებით ციხიდან გამოიყვანეს და აზიზიეს მოედანზე სამგზავრო ვაგონში შეიყვანეს. მაშინ ამ მოედანზე რკინიგზის ხაზი გადიოდა.

სერგოსთან საუბარი სურდა დემოკრატიული მთავრობის მეთაურს, ნოე ჟორდანიას.

ჟორდანიამ ჩაი შესთავაზა ქავთარაძეს და უთხრა, რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ შორის ომი არ უნდა დაწყებულიყო და ეს პირობის დარღვევა იყოო. ქავთარაძემ უპასუხა, ეს ჩვენ ვთხოვეთ რუსეთს დახმარება, თორემ ლენინი საქართველოზე თავდასხმის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თქვენ წინააღმდეგ სტალინი და ორჯონიკიძე იბრძვიან, ასე რომ, რუსეთი კი არ გვიპყრობს, გვეხმარებაო.

ქავთარაძე ციხეში შეაბრუნეს, მაგრამ თავისუფალი მოქმედების ნება დართეს.

რამდენიმე დღეში ისევ შეხვდა ჟორდანია ქავთარაძეს და შესთავაზა, სასწრაფოდ შეექმნა მთავრობა, რომ რუსებთან ომი დამთავრებულიყო და იქნებ თურქებისთვის გაეწია წინააღმდეგობა. გაგზავნა ეშელონები რუსული ჯარის ბათუმში სასწრაფოდ შემოსასვლელად. სწორედ ეს ბრძანება მიიღო მაზნიაშვილმა საჯავახოში.

ჟორდანიამ გადაწყვიტა, რომ ჯობდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, თუნდაც საბჭოთა საქართველოსი და იქნებ ოდესმე მისი განთავისუფლებაც მოხერხებულიყო.

ეს საუბარი ჟორდანიასა და ქავთარაძეს შორის 17 მარტის ღამეს შედგა.

გამთენიისას საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ საქართველო სამუდამოდ დატოვა.

გემიდან გადმოვიდა გრიგოლ ლორთქიფანიძე და ბრძოლაში ჩაება. მან იცოდა, რა ნაბიჯსაც დგამდა – შემდეგ იგი ამას შეეწირა.

ჯარისკაცები ბათუმის მახლობლად. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.

ჯარისკაცები ბათუმის მახლობლად. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.

გენერალმა კვინიტაძემ პირველი გემით გამგზავრება ვერ მოახერხა, მაგრამ სტამბოლამდე დაეწია ნოე ჟორდანიას და მოახსენა, რომ ბათუმში ბრძოლები კი მიმდინარეობს, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, ვინ ვის ებრძვისო.
იმავე 17 მარტს სერგო ქავთარაძემ როტშილდის ყოფილ და დღევანდელ სამშობიარო სახლში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და რევკომის პირველი თავმჯდომარეც თვითონ გახდა.

მაზნიშვილი მიხვდა, რომ, თუკი ოსმალებს ახლავე არ განდევნიდნენ, ბათუმის გამოხსნას ვეღარასოდეს შეძლებდნენ. რუსებს უკვე ჰქონდათ შეთანხმება თურქებთან და მათ წინააღმდეგ ომში ვერ ჩაებმებოდნენ. ამიტომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, საბჭოთა ჯარების შემოსვლამდე თურქები ბათუმიდან უნდა განედევნათ.
მაზნიაშვილმა მოსთხოვა რევკომს, რომ სასწრაფოდ დაენიშნათ საბჭოთა ჯარის სარდლად. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა დამარცხებული ჯარის გენერალი დამმარცხებლის სარდლობას ითხოვდა და მიიღო კიდეც იმ მიზეზით, რომ გიორგი მაზნიაშვილი იყო.

პირობა ითხოვა, რომ არც ერთი ჯარისკაცი, გენერლიდან მოყოლებული უბრალო ოფიცრამდე, არ დასჯილიყო უწინდელი სამსახურისთვის.

სერგო ქავთარაძემ გენერალს ჭეშმარიტი ბოლშევიკის სიტყვა მისცა.

კიდევ კონიაკი ითხოვა გენერალმა, რუკა და ფანქარი. და მთელი ღამე რამდენიმე ოფიცერთან ერთად ბრძოლის გეგმას ადგენდა.

დილით ყველა ქუჩაზე უკვე გაკრული იყო ახალი სარდლის დანიშვნის ბრძანება.

მაზნიაშვილმა ქიაზიმ-ბეის გაუგზავნა ულტიმატუმი – ერთ საათში დაეტოვებინა ქალაქი. ქიაზიმ-ბეის წინა დღეს, 16 მარტს, უკვე დაკავებული ჰქონდა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა, რადიოსადგური, ბარცხანის ფორტი, ქალაქის მილიციის სადგური და მან თავი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.
ქიაზიმ-ბეიმ წაიკითხა მაზნიაშვილის ულტიმატუმი და სიცილით მოკვდა.

მაზნიაშვილმა მოხალისეები მოაგროვა ბათუმში და გურიის ახლომახლო სოფლებში: წითელი, თეთრი, ბოლშევიკი, მენშევიკი და საერთოდ უპარტიო, მებრძოლები და გამოუცდელები. ყველა ერთად დადგა, როცა სხვა გამოსავალი აღარ იყო. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე.

დაიწყო ბრძოლა და არ შეწყვეტილა 18 მარტამდე. ჩვენმა ჯარებმა დაიჭირეს პოზიციები ნავსადგურიდან საბარგო სადგურამდე.

ქიაზიმ-ბეი დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდა და ანგორის მთავრობისგან მაშველ ჯარს ითხოვდა. დეპეშები ქართველ მებრძოლებს უვარდებოდათ ხელში და შტაბში მიჰქონდათ.

18-ში საღამოს ჩაქვის მხრიდან მატარებელი შემოვიდა. ოსმალებმა იფიქრეს, ეს მაშველი ქართული ჯარიაო, სიმაგრიდან გამოვიდნენ, მატარებელი დაატყვევეს და ჯარისკაცების განიარაღებას შეუდგნენ. სინამდვილეში კი ეს რუსების პირველი ეშელონი იყო, რომელიც სწორედ მაზნიაშვილის გაგზავნილი მატარებლით შემოვიდნენ საჯავახოდან.

ამ აურზაურში თურქებმა ფორტის ალაყაფის კარი კი გააღეს, მაგრამ დახურვა დაავიწყდათ ქართველების ტყვედ აყვანის იმედით. თავზე ხელაღებული გენერალი ვარდენ წულუკიძე თავისი ცხენოსანი რაზმით ფორტში შეიჭრა და ნახევარ საათში ბარცხანის მთელი გარნიზონი გაანადგურა.

თურქების დიდი ნაწილი ამოხოცეს, 218 ასკერი კი ტყვედ აიყვანეს და შტაბში გაგზავნეს.

ქართველების მიერ თურქთაგან გათავისუფლებულ რუსულ ჯარს ჯერ ქონება დაუბრუნეს, მერე სერგო ქავთარაძე მიესალმა სამხედრო ორკესტრით და ქალთა გიმნაზიაში დააბანაკეს.

საღამოს 9 საათზე ერთი ცხენოსანი დააკავეს. ეს ჟლობას დივიზიის კაზაკი აღმოჩნდა, რომელიც ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილით გადმოვიდა აჭარისწყალზე.

ბარცხანის ფორტზე გამარჯვების მიუხედავად, მძიმე სიტუაცია შეიქმნა კახაბრის ფორტზე, რომლის დაჭერითაც ბათუმი ოსმალების ხელში რჩებოდა. საჭირო იყო მაშველი ჯარი, რომელიც არ არსებობდა.
მაზნიაშვილმა და წულუკიძემ ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ამისთვის ჟლობას კავალერია გამოეყენებინათ და დაუყოვნებლივ იხმეს იგი სადგურში.

მაზნიაშვილის დანახვაზე ჟლობა ცხენიდან ჩამოხტა სასწრაფოდ და თქვენს განკარგულებაში ვარ, ვაშე სიატელსტვოო, მეფის დროინდელი სამხედრო სალამი მისცა მეფის დროინდელ სარდალს, დამპყრობელმა დაპყრობილს.

დიმიტრი ჟლობას სთხოვეს, დაბანაკებულიყო სტეფანოვკისა და ანარიის ფორტებზე. ამით ქართულ ჯარს ამ ფორტების გარნიზონის გამოყენების საშუალება ეძლეოდა. რუსული ჯარი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა და არც თურქეთთან დადებული ხელშეკრულების დარღვევა მოუწევდა.

19 მარტს დილიდანვე მიიტანეს თურქებმა იერიში კახაბრის ფორტზე. მაიორი შალვა ქარუმიძე ისე ვაჟკაცურად იბრძოდა, მტერმა ვერაფერი გააწყო. მაგრამ ქართულ ჯარს დიდი ზარალი მიადგა. ქარუმიძე შტაბს ატყობინებდა, ყველა მსროლელი და დამნაღმველი მომიკლეს და ახლა ზარბაზნებიდან ოფიცრები ისვრიანო.

მაზნიაშვილმა ისევ მოაგროვა ქალაქში ოციოდე მოხალისე, რომლებსაც სროლის გამოცდილება ჰქონდათ მეტ-ნაკლებად და ქარუმიძის განკარგულებაში გაგზავნა.

იმ დღეს თურქებს დიდი ზარალი მიადგათ. კახაბრის ახლოს ღელეები სავსე იყო თურქი ასკერების გვამებით.
ბათუმის მიდამოები მტრისგან გაწმენდილი იყო. რჩებოდა მხოლოდ ფოსტა-ტელეგრაფისა და მილიციის შენობა, რომლის იერიშიც მაზნიაშვილმა 20 მარტისთვის დაგეგმა.

20 მარტის დილის 9 საათისთვის ქიაზიმ-ბეი დანებდა. იგი დერეფანს ითხოვდა ქალაქის დასატოვებლად და პურს, რადგან ჯარს თურმე სამი დღე იყო, არაფერი ეჭამა. მაზნიაშვილი დათანხმდა და საკვებიც მისცა თურქულ ჯარს.

ქაზიმ-ბეიმ, სამი დღის წინ რომ მაზნიაშვილის ულტიმატუმზე პასუხის გაცემაც არ ისურვა, ახლა დიდი სიხარულით მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

მაზნიაშვილმა ქართული გარნიზონი გააყოლა თურქებს, რომ მათ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ბათუმი.

1921 წლის 20 მარტის 12 საათისთვის ბათუმში არც ერთი თურქი ჯარისკაცი აღარ იყო დარჩენილი.

84 დაღუპული დაითვალეს ამ ბრძოლაში. ახლო-მახლო მაცხოვრებლები ჭირისუფალებმა გადაასვენეს, 50 მეომარი კი 21 მარტს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინ, აზიზიეს მოედანზე დაკრძალეს მხედრული პატივით, მათ შორის 19 წლის მოწყალების და მაყვალა ყანჩაველი.

ამ მოედანს აზიზიე ერქვა აბდულაზიზის დროიდან და არ შეცვლილა ბარე ექვსი ხელისუფლების ხელში, მაგრამ ლენინის სიკვდილის შემდეგ მოედანს მისი სახელი უწოდეს.

კომუნისტებმა მეომრები საბჭოთა ხელისუფლებისთვის დაღუპულებად გამოაცხადეს და საფლავზე ობელისკი დაადგეს ხუთქიმიანი ვარსკვლავით.

შემდეგ გადაწყვიტეს, საერთოდაც დაეკარგათ საფლავი. ზედ ასფალტი დააგეს და ქალაქის ერთ რიგით ქუჩად აქციეს.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს 1937 წლის 10 ოქტომბერს.

გენერალი ვარდენ წულუკიძე დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს.

გენერალი გრიგოლ ლორთქიფანიძე დახვრიტეს 1937 წელს.

საბჭოთა სამხედრო მეთაური ჟლობა დიმიტრი პეტრეს ძე დახვრიტა საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1938 წლის 10 ივნისს.

სერგო ქავთარაძე ერთადერთი იყო სტალინის თანამებრძოლთაგან, რომელიც საკუთარი სიკვდილით მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სტალინს ლამფა ესროლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: