ენმ: პროკურატურამ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია

დღეს, 23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვა, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია:

„გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა ცალსახად დაადასტურა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება… შსს-ს ინფორმაციით, ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, რაც ცალსახად არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში შსს წარმოადგენს მხარეს და ეს გამოძიება უნდა აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია და აწარმოოს გამოძიება. ვინაიდან  საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ ორ ძალოვან უწყებას შორის დაპირისპირების ფაქტს და მოსახლეობას მიაწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას,“ – თქვა მან.

მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ არსებობს საპატრულო პოლიციის  თანამშრომელზე გია ხალვაშზე ზეწოლის საფრთხე: „სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული მისი უსაფრთხოება და უფლებები“.

ამავე თემაზე:

 ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან