მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

23.03.2017 • 5266
მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

„ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – აცნობა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც დაზარალებულია.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩაზე ქურდობას, ამ ოჯახში, შეტყობინების მიღების შემდეგ, წუხელ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ბინიდან ოქროს ნივთებია გატანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის ჩიხიდან მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა სამინისტროში სახლის გაქურდვის ფაქტზე… მოგვიანებით შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ„ის შეტყობინება, რომელიც შემოსული იყო პოლიციაში, გაუქმდა, რადგან ვინც დარეკა, იმან იპოვა თავისი ნივთები“.

„ბათუმელები“ ისევ დაუკავშირდა მოქალაქეს, რომელმაც არ დაადასტურა შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაცია. მან თქვა, რომ ნივთები არ უპოვიათ, „პოლიციელებმა კი რამდენიმე მეზობელი გამოკითხეს და წავიდნენ“.

რამდენი ოჯახის გაქურდვის ფაქტზე შევიდა წუხელ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბათუმიდან? – სამინისტროს პრესსამსახურში ამ კითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: