„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება აღებაშია. „ამბობენ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა უნდა გაფართოვდეს და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აასახლონო, სხვა არაფერი ვიცით“, – გვითხრა ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა.

„ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციას დაუკავშირდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როგორც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

გზების დირექციაში ფრიდონ ხალვაშის გამზირის გაფართოების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ სრულდება ბათუმის შემოვლითი გზა [ახალი ავტობანის ის მონაკვეთი, რომლის პროექტიც უკვე დამტკიცებულია. ამ ადგილიდან ჭოროხის მიმართულებით სად გაივლის ავტობანი, ჯერ პროექტი დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, არც ისაა დაზუსტებული, შეეხება თუ არა ავტობანი მთლიანად „ოცნების ქალაქს“].

ახალი ავტობანი, რომელიც მახინჯაურის გვირაბიდან წამოვა, პროექტით ხალვაშის გამზირს გადაკვეთს ოპიზრებისა და ტაოს ქუჩებს შორის მონაკვეთში, გამზირის მიმდებარედ კი აქ არის ავტობანის ბუფერული ზონა, რომელშიც ათობით აქ მცხოვრები ოჯახია მოხვედრილი.

რუკის მიხედვით, ამ ბუფერულ ზონაში  30-მდე ოჯახია ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“. საუბარია ოპიზრების ქუჩიდან მარცხენა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოპიზრების დასახლებაში“ [ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიებს შორის] ჩასახლებული 300-მდე ოჯახიდან, კომპენსაცია მიიღო 250-მდე ოჯახმა, 44 ოჯახი კი – დარჩა კომპენსაციის გარეშე. „ისინი შემოგვიერთდებიან და ჩვენთან ერთად აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, რათა საკუთარი ჭერი გვქონდეს“. „ოცნების ქალაქს“ აქ მცხოვრებლები პირობითად სამ ნაწილად ყოფენ: 53-ე ბატალიონის, ოპიზრების და 25-ე ბატალიონის დასახლებები.

იმ რუკისთვის ფოტოს გადაღების საშუალება, რომელზეც დეტალურადაა დატანილი, სად გადის ავტობანი პროექტით და რა ტერიტორიას მოიცავს ბუფერული ზონა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ მოგვცეს. დეპარტამენტმა ვერც ოჯახების ზუსტი რაოდენობა მოგვაწოდა, ვისაც აქ ავტობანის მშენებლობა ეხება ან ბუფერულ ზონაშია და ასახლებას ექვემდებარება.

„დიფერენცირებულად არ გვაქვს, ვინ არის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები და ვინ არა. ჩვენ კანონიერი და უკანონო მცხოვრები არ ვიცით, არის ათობით ოჯახი ამ მონაკვეთში, რომლებიც არიან ქონებით მოსარგებლეები. მათ შორის ალბათ „ოცნების ქალაქიდანაც“, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა დასრულებულია“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცა  იმის განურჩევლად, ოჯახი იყო ქონების მესაკუთრე თუ მოსარგებლე. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „ფართობის მიხედვით ზოგმა 50, ზოგმა 80 ათასი ლარი აიღო კომპენსაცია „ოპიზრებში“. მარტო კარკასზე კი 10 ათასი ლარი გადაუხადეს.“ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? – ამის გადამოწმება საგზაო დეპარტამენტში ვცადეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ კომპენსაციის ოდენობა და ისიც თუ ვისზე გაიცა, კონფიდენციალურია და ამ მონაცემებს ვერ მოგვაწოდებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com