მთავარი,სიახლეები

11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

22.03.2017 • 9715
11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა.

პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა და იგინებოდა.

„მოვუწოდეთ დამშვიდებულიყო, მაგრამ არ დაგვემორჩილა, გაიქცა, დავედევნეთ და მერე დავაკავეთ,“ – მოყვა პოლიციელი.

„დილის 6 სრულდებოდა, როცა სამსახურიდან გამოვედი მანქანით. პუშკინის 174-ში ვცხოვრობ, ძლივს მივედი, გადაკეტილი იყო ქუჩები. ბინაში შევედი, პლასტიკური ბარათი ავიღე და მანქანით როცა გამოვდიოდი ეზოდან, მაშინ დამაკავეს… ოზურგეთში უნდა წავსულიყავი მანქანით“, – ყვება გიგა ჩხაიძე.

გიგა „ალიანსი ჯგუფის“ მშენებლობაზე მუშაობს. სასამართლოს ჩვენება მისმა თანამშრომელმაც მისცა. გიორგი დოლიძის თქმით, გიგა მშენებლების ბრიგადირია და ღამის ცვლაში მუშაობდნენ 11 მარტს ღამით, ხოლო გიგამ სამუშაო დაახლოებით დილის 6-ზე დატოვა.

მშენებლობის შესასვლელთან არსებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს გიგა ჩხაიძე, რომელიც დილის 05 საათსა და 49 წუთზე ტოვებს მანქანით ტერიტორიას. დაკავების ოქმში კი წერია, რომ გიგა 06 საათსა 08 წუთზე დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

„დროის ამ მონაკვეთში როგორ მოასწრებდა გიგა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას?“- იკითხა ვიდეოჩვენების შემდეგ ადვოკატმა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია გიგას ინტერესებს იცავდა.

ადმინისტრაციულ დავას ამჯერად გიგა ჩხაიძე იწყებს პოლიციელების წინააღმდეგ. იგი სასამართლოში ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ასაჩივრებს. „ვინაიდან სასმართლომ თქვა, რომ გიგას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად გამოდის, რომ არც მისი დაკავების საფუძვლები არსებობდა“, – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას იურისტი.

გიგა ჩხაიძის თქმით, მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო დაკავების დროს. ამ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

დღეს, 22 მარტს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებული კიდევ 7 პირის საქმე განიხილა. ორ პირს, ჯაბა დავითაშვილსა და გიორგი კერესელიძეს ჯარიმა 250 – 250 ლარის ოდენობით დაეკისრა, ოთხს – ჯარიმა 100-100 ლარით, ხოლო ზაზა ცინცაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

IMG_20170322_133221IMG_20170322_131733

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: