Batumelebi | 63 წლის ნოდარ ქათამაძე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა 63 წლის ნოდარ ქათამაძე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

63 წლის ნოდარ ქათამაძე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

21 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან მუშა, 63 წლის ნოდარ ქათამაძე ჩამოვარდა. მშენებლობა  კომპანია DS GROUP-ს ეკუთვნის, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლამინი-ჯი“ აწარმოებს.

„შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა,“ – განაცხადეს შს სამინისტროს პრესცენტრში.

მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი ხელოსანი  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მშენებლობაზე მუშების უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. მან იმ ადგილიც გვაჩვენა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა.

„მესამე სართულიდან ჩამოვარდა. ბალკას რასაც ვეძახით, ის გაუტყდა, გაბზარული ყოფილა.  სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ სამწუხაროდ დაიღუპა. უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ სათანადოდ მაინც არა. მუშების უფლებები დარღვეულია. ეს მამაკაცი 3-4 დღეა რაც მუშაობდა აქ,“ – ამბობს ის.

ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთიდან იყო და მასთან ერთად მშენებლობაზე მისი შვილიც მუშაობდა.

კომპანია „ლამინი-ჯის“  იურისტის, ამირან ცეცხლაძის განცხადებით, გარდაცვლილი 63 წლის ნოდარ ქათამაძეა. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგულისხმება სრულ პასუხისმგებლობაში, ამირან ცეცხლაძემ განაცხადა, რომ „გარდაცვლილი მუშის ოჯახისთვის რაც საჭიროა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს კომპანია“.

ამირან ცეცხლაძის თქმით, კომპანიას მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვს, თუმცა ამ ნორმებს მუშები არ იცავენ: „არ ემორჩილებიან ზედამხედველის მითითებებს. სხვა დროს, ვინც არ დაემორჩილება ჩვენს მოთხოვნებს, ყველა მუშა იქნება დათხოვნილი. კომპანიის მხრიდან მუშებს ინსტრუქტაჟი უტარდებათ, მაგრამ უნიფორმებს და ჩაფხუტებს იხსნიან. სამუშაოთა მწარმოებელი ყველა წუთში ხომ ვერ შეამოწმებს. ეს არის პრობლემა,“ – ამბობს იურისტი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com