მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ

22.03.2017 • 4514
ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები, თევზის მწარმოებელი მერაბ ჯაბნიძე ხელისუფლებისგან, კონკრეტულად ზურაბ პატარაძისგან დახმარებას ითხოვს. საკალმახე მეურნეობის გაყიდვას, რომელიც ქედელმა ფერმერმა 14 წლის წინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოაწყო, ქედის  გამგეობა აუქციონის წესით აპირებს. ქედაში მერაბის მსგავს მდგომარეობაში კიდევ 14 თევზის მწარმოებელია.

მერაბ ჯაბნიძემ 2003 წელს 279 კვადრატულ ფართობზე საკალმახე მეურნეობა საკუთარი სახსრებით მოაწყო. ზუსტად არ იცის, რამდენი თანხა დახარჯა ამაში, რადგან მეურნეობას სახლთან ახლოს, მდინარეზე წლების განმავლობაში აკეთებდა. ეს მეურნეობა 2006 წელს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა. 2014 წელს გამგეობამ კერძო პირის მიერ მოწყობილი საკალმახე გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეიტანა. დღეს ამ საკალმახე მეურნეობის საწყისი გასაყიდი ფასი 1937 ლარია, თევზის გარეშე.

ზუთხისა და ამერიკული კალმახის მწარმოებელი ქედელი ფერმერი საკუთარი თანხით მოწყობილი საკალმახე მეურნეობის პრივატიზების ნუსხიდან ამოღებას ითხოვს. ამბობს, რომ თევზი მისი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა და თუ ქედის გამგეობა მეურნეობას გაუყიდის, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება.

„მამაპაპისეულ ტერიტორიაზე, სახლის მიმდებარედ 2003 წელს ბასეინები გავაკეთე და თევზის გამოყვანა დავიწყე. მაშინ მიწის რეფორმა არ არსებობდა, გამგებელი დავით გათენაძე ყველანაირად დაგვეხმარა, რომ საკალმახე მეურნეობა მოგვეწყო სოფელში და ადგილზე შემოსავალი გაგვჩენოდა. წლებია, რაც ზუთხი, ამერიკული კალმახი გამომყავს და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია აღიარების წესით დავიკანონე, მაგრამ საკალმახე მეურნეობის დაკანონება ვეღარ მოვახერხე, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ჩემი მეურნეობა ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს საკუთრებაში, სამინისტრომ კი – ქედის მუნიციპალიტეტს“, – ყვება მერაბი.

„ბასეინები“ ახლა სარემონტოა, მაგრამ მერაბი ვერ არემონტებს, რადგან ეს ქონება ოფიციალურად გამგეობის საკუთრებაა. „არც გაფართოების უფლება მაქვს. ვთხოვ ხელისუფლებას, ჩემი თანხით მოწყობილი ეს ტერიტორია პრივატიზების ნუსხიდან ამოიღოს, თევზი ჩემი ოჯახის შემოსავალი წყაროა და მეურნეობას ნუ გამიყიდიან“, – გვიყვება ქედელი ფერმერი.

მერაბ ჯაბნიძის საკალმახე მეურნეობის გარდა ქედის გამგეობის მიერ გასაყიდად გამზადებული ქონების ჩამონათვალში კიდევ ორი საკალმახეა შესული, ორივე სოფელ ზვარეშია მოწყობილი. ერთ-ერთი მათგანი იმ 100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელიც შალვა ქობულაძემ ქედის გამგეობისგან აუქციონის წესით 2005 წელს იყიდა. შალვა ქობულაძემ ეს მიწა აუქციონზე 105 ლარად შეიძინა და მასზე მეურნეობა მოაწყო.

შალვა ქობულაძე

შალვა ქობულაძე

2007 წლის 12 თებერვალს ქედის სარეგისტრაციო სამსახურმა შალვა ქობულაძეს უარი უთხრა აუქციონის წესით შეძენილი მიწის რეგისტრაციაზე. საპასუხო დოკუმენტში, რომელიც სარეგისტრაციო სამსახურმა შალვა ქობულაძეს გაუგზავნა, წერია, რომ გამგეობის 2005 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად არ ჩაითვლება.

2014 წელს გამგეობამ საპრივატიზაციო ნუსხაში ეს ობიექტიც შეიტანა და დღეს მისი საწყისი ღირებულება 2 060 ლარია.

ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, თემურ ბერიძის თქმით, საკალმახე მეურნეობის პრივატიზების ნუსხიდან ამოღება შეუძლებელია, რადგან ის ნუსხაში კანონიერად შეიტანეს. „ეს მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საკალმახე მეურნეობა აუქციონზე ერთხელ გავიდა, მაგრამ რადგანაც ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, აუქციონი არ შედგა. გამეორებით აუქციონს ამ საკალმახე მეურნეობაზე უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ“, – ამბობს თემურ ბერიძე.

გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში არ შეუტანიათ ქედაში არსებული რამდენიმე საკალმახე მეურნეობა, თუმცა ქედელი მეწარმეები წლებია ვერც მათ დაკანონებას ახერხებენ. მიზეზი – მიწები, რომლებზეც წლების წინ ადგილობრივებმა მეურნეობები მოაწყეს ან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ქედელი მეწარმეების ინტერესებს ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივ დახმარებას იმ 15-მდე ფერმერს გაუწევენ, რომელთა მეურნეობების ნაწილი განთავსებულია იმ მიწებზე, რომლებიც დღეს ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის თუ ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია.

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარი დაეჭირა ამ მოქალაქეებისთვის და რაიმე სახით წაეხალისებინა მეწარმეობა, კერძოდ თევზის ბიზნესი, ბარიერებს უქმნის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ქედაში 15-მდე თევზის მწარმოებელი ვერ ახერხებს იმ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელზეც საკალმახე მეურნეობა აქვთ მოწყობილი, დაურეგისტრირებელი მიწები კი ხელს უშლით მათ სამეწარმეო საქმიანობაში, თუნდაც ბანკიდან სესხის გამოტანაში… ბოლო გზა და ცუდი ვარიანტი, რაც ამ ადამიანებს რჩებათ და რაშიც გამჭვირვალობა მათ დაეხმარება, ესაა სასამართლოსთვის მიმართვა“, – ამბობს იურისტი.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს იმისთვის, რომ თევზის მწარმოებლებს ქედაში მიწები დაუკანონოს და შესაძლებელია თუ არა საპრივატიზაციო ნუსხის ჩამონათვალიდან საკალმახე მეურნეობების ამოღება? – იურისტი გვპასუხობს:

– გასარკვევია, თუ რატომ მოხდა ეს ობიექტები თავის დროზე საპრივატიზაციო ნუსხაში, მაშინ, როდესაც მეურნეობები მოქალაქეების ნაწილს რიგ შემთხვევაში საკუთარ მიწა-წყალზე, ზოგიერთ შემთხვევაში ნებართვით მოაწყეს. 10 წლის შემდეგ იბადება კითხვა, რატომ უნდა შეისყიდონ მათ მიერ ინვესტირებული შენობა? პრივატიზების შემთხვევაში კი ჩნდება რისკები, რომ სხვამ შეიძინოს ეს მეურნეობა.

თუ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მიწა მუნიციპალიტეტის ან აჭარის მთავრობის საკუთრებაა და არა სახელმწიფოს საკუთრება, შესაძლებელია სხვა მექანიზმის გამოძებნაც, თუნდაც სიმბოლურ ფასად გადაცემა, ამას კანონი ითვალისწინებს“.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია აფინანსებს კერძო ბიზნესის განვითარებას საგანგებოდ შექმნილი პროგრამებით. ეს პროგრამები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასეთ ვითარებაში ქედელ მეწარმეებს მხარდაჭერის ნაცვლად უკვე შექმნილ საწარმოებს რატომ უყიდიან? – „ბათუმელებს“ ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში შემდეგი განუმარტეს: „პრობლემური რომ არის მიწის საკითხი, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, აღნიშნული პრობლემით თევზის მწარმოებლებს არ მოუმართავთ, მითუმეტეს ერთობლივად. აჭარის მთავრობა მზადაა  მოუსმინოს მეწარმეებს, განიხილოს საკითხი და კანონის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთოს მათი ბიზნესის ხელშეწყობისთვის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: