მთავარი,სიახლეები

თურქეთის საკონსულოს განმარტება 5 ბავშვთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან

21.03.2017 • 2134
თურქეთის საკონსულოს განმარტება 5 ბავშვთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან

Batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას – „ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს“, ბათუმში თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა.

საკონსულოს ოფიციალური განმარტებით, 46 წლის ლალის პრობლემების შესახებ ბათუმში თურქეთის საკონსულო ინფორმირებულია და მას შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარა კიდეც.

„ჩვენი შესაძლებლობის, კომპეტენციის ფარგლებში, არაერთხელ გაგვიწევია დახმარება, რითაც შეგვეძლო. რაც შეეხება თურქულ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვას, ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი ბავშვების დედასთან ამ თემაზე, არაერთხელ დაგვიბარებია, რომ მოსულიყო, გაევლო რეგისტრაცია, თუმცა ეს ქალბატონი არც ერთხელ არ გამოცხადდა. საკონსულოც დაინტერესებული იყო, რომ ბავშვებს სკოლაში ესწავლათ, რადგან თურქეთის მოქალაქეები სწავლობენ ამ სკოლაში. ამ მოქალაქეს რეგისტრაციისთვის არ მოუმართავს საკონსულოსთვის“, – აცხადებენ ბათუმში არსებულ თურქეთის საკონსულოში.

საქართველოს მოქალაქეს, 46 წლის ლალის, თურქეთის მოქალაქესთან ჰყავს ხუთი შვილი. ის 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში მეუღლესთან ერთად, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად ლალიმ ზუსტად არ იცის, რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დაექვემდებარა ის თურქეთის სახელმწიფოდან დეპორტაციას. ის ვარაუდობს, რომ ეს მისი ქმრის პირველი ცოლის განცხადების საფუძველზე მოხდა.

საკონსულოში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. გარდა ამისა, საკონსულოში ამბობენ, რომ  მათთვის არ არის ცნობილი, თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ბავშვების დედას განაცხადი აქვს გაკეთებული თუ არა.

„მას რა პროცედურები აქვს გავლილი, ჩვენთვის უცნობია, ამიტომ კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლია მიმართოს ოფიციალურ უწყებას“, – განმარტავენ თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საკონსულოში.

ლალი შვილებთან ერთად ახლა ბათუმში ცხოვრობს. ბავშვებმა ქართული ენა სრულყოფილად არ იციან, ამიტომაც ქართულ სკოლაში ვერ სწავლობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: