მთავარი,სიახლეები

ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე

21.03.2017 • 4537
ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე

ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში.

თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა მოსამართლეს უთხრა, რომ ჯარიმის გამოწერის პროცესში რამაზმა მისი და კიდევ ერთი პატრულის თანამშრომლის, მეგი ხუნწარიას მისამართით შეიგინა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოწმის სახით დაბარებული მეგი ხუნწარიას ჩვენებაც მოისმინა. „მე არ გამიგონია შეგინება. ისეთ ადგილას ვიდექი, ვერ გავიგონებდი. მეწყვილეს ვენდე. მან მითხრა, რომ ჩვენი მისამართით შეიგინა,“ – მიმართა მოსამართლეს პატრულის თანამშრომელმა, მეგი ხუნწარიამ.

„უცნაურ გარემოში მოვხვდი… მე შემიყვანეთ აბა შეცდომაში, რომ რამაზმა შეიგინა?“ – იკითხა გია ხალვაშმა, რომელმაც მოსამართლეს პატრულის ვიდეოჩანაწერის ნახვაც შესთავაზა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რამაზ ხიმშიაშვილი აპროტესტებს ჯარიმის ოდენობას. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი კი დაფიქსირებული არ არის.

„მე ხელი ავიქნიე, ამდენ ჯარიმას რატომ მიწერთ-მეთქი და ეგონათ, რომ ვიგინებოდი“, – ამბობს რამაზ ხიმშიაშვილი. მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მას 2 ათასი ლარის ოდენობით გამოუწერეს ჯარიმა, თუმცა არც ერთი შემთხვევა აქამდე სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

„მიზანმიმართულად მაჯარიმებენ, რადგან ორი თვის წინ გამაჩერეს დარღვევაზე, ვეხვეწე, ახლა გამიშვით, დედა სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და მერე გნახავთ-მეთქი. არ გამიშვეს და დედა გარდაცვლილი დამხვდა… სოციალურ ქსელში გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება პატრულის მიმართ. მაგის მერე მაჯარიმებენ სისტემატიურად. 11 მარტსაც ეს გავაპროტესტე, ათლარიან ჯარიმაზე 50 ლარს რატომ მიწერთ-მეთქი,“ – ყვება რამაზ ხიმშიაშვილი.

მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ დაკავებიდან 4 საათის განმავლობაში ხელბორკილდადებული პატრულის მანქანაში იჯდა და წყლის დალევის საშუალებაც კი არ მისცეს.

„მე გიხდით თქვენ ხელფასს, მე დაგიქირავეთ. რა უფლებით გამომათრიეთ ჯერ ერთი ლომბარდიდან. ეს გადაგეღოთ, რა ფორმით გამომიყვანეთ. ვიდრე ხელიდან სისხლი არ წამომივიდა, ბორკილი არ ამხსენით… ეს იყო წამება, ბატონო მოსამართლევ“.

პატრულ-ინსპექტორმა გია ხალვაშმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციის შენობაში არ შეჰყავთ და დოკუმენტაციის მომზადებამდე, მანქანაში ტოვებენ. „შემდეგ გადმოგვყავს სასამართლოში, ან სამუშაო დრო თუ ამოწურულია, წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – თქვა გია ხალვაშმა.

რამაზ ხიმშიაშვილთან ერთად მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დღეს ჯიმი ვარშანიძის შემთხვევაც განიხილა. ჯიმი 11 მარტს საღამოს აფთიაქთან გაჩერებული მანქანის გამო დააჯარიმეს. სასამართლომ ჯიმის მამის, ჯემალ ვარშანიძის ჩვენება მოისმინა:

„სამი დღის წინ დაკრძალული შვილის საფლავიდან მოვდიოდით. წნევა მქონდა მაღალი და შვილს ვუთხარი, იქნება სადმე წამალი მიყიდო-მეთქი. მერე დავინახე, ჩემს შვილს დაჯარიმებას უპირებდნენ პოლიციელები. გადმოვედი, ავუხსენი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. მითხრეს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო…“

„ჩვენ ავუხსენით, რა იყო დარღვევა, მაგრამ არ გვაცალეს, მაშინვე წყევლა დაგვიწყეს. ვუთხარი, რომ დავაკავებდით და გინება დაიწყო ჯიმი ვარშანიძემ… მერე რაც მოხდა, ყველაფერი ცნობილია“,- უთხრა მოსამართლეს პატრულ-ინსპექტორმა, არჩილ ხაბაზმა.

სასამართლომ ამ შემთხვევის ვიდეოჩანაწერიც ნახა. კადრებში ჩანს მამა-შვილი, რომელიც ცდილობს პატრულის დარწმუნებას, არ დაუწეროს ჯარიმა. კადრებში ისმის წყევლაც.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე სათათბირო ოთახში გავიდა. მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად იყო საჭირო ჯიმი ვარშანიძის, ასევე რამაზ ხიმშიაშვილის დაკავება და ჰქონდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ საღამოს გამოაცხადებს.

დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირის საქმე განიხილა. მანუჩარ დუმბაძეს და კახაბერ ელიაშვილს 250-250 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ორივე მათგანმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ პოლიციელების მისამართით იგინებოდნენ.

რა იყო პოლიციელების მიმართ აგრესიის საფუძველი? სამართალდამრღვევებად მიჩნეულებმა „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს. მაგალითად, მანუჩარ დუმბაძეს არც ავტომანქანა აქვს და სამართალდამცველებთან შეხება აქამდე არ ჰქონია.

კიდევ ერთი პირი, როინ ზაქარიაძე, რომელსაც პოლიცია ასევე წვრილმან ხულიგნობას ედავება, სასამართლოში დღეს არ გამოცხადდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განმარტა, რომ როინი ოჯახური პირობების გამო არ მივიდა სასამართლოში.

IMG_20170321_115935

IMG_20170321_124210

IMG_20170321_120212

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: