ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ

12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში.

ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ სახლში უკანონოდ შეიჭრა ხალხი [60-მდე ოჯახი].“

სამინისტროში აცხადებენ, რომ სახლს იცავდნენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე უიარაღო დარაჯები, რომლებიც 2017 წლის 18 მარტამდე უზრუნველყოფდნენ დაცვის მომსახურებას და მათი მომსახურება საკმარისად იყო მიჩნეული, ვინაიდან იქამდე არ ყოფილა შენობაში შეჭრის მცდელობები.

შეჭრილთა უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდანაა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს. გამართული მოლაპარაკებების შედეგად სახლი გაათავისუფლეს.

სამინისტროში შიშობენ, რომ „შესაძლოა მოხდეს განმეორებით ხალხის მიერ შენობის დაკავება და დაზიანდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება“. ფაქტის გამეორების თავიდან აცილების მიზნით კი, სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 18 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულებები.

შენობებს დაცვის სამსახური 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით დაიცავს, მანამდე კი სამინისტრო მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად, რათა 2017 წლის პირველი აპრილიდან გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან.

ზედა ვაშლოვანში და ბათუმში არსებულ ე.წ. სოციალურ სახლებს ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის პოლიცია გასულ წელსაც [31 დეკემბრის ჩათვლით] იცავდა, რაშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 119 410 ლარი გადაიხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com