მთავარი,სიახლეები

ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთის საკონსულოსა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

20.03.2017 • 3197
ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთის საკონსულოსა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

46 წლის ლალი  საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, როგორც  „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 15 წელი თურქეთში, კერძოდ სტამბულში ცხოვრობდა. ლალის 5 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი, რომელიც 14 წლისაა,  ნორმალურად ვითარდებოდა, ახალ გარემოში კი სრულიად ჩაიკეტა. დედა და ბავშვები მეოთხე წელია რაც საქართველოში, ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ბავშვები სკოლაში არ დადიან, რადგან ქართული კარგად არ იციან. დედა ამბობს, რომ ბავშვებმა თურქულად წერა-კითხვაც გვიან ისწავლეს და ახლა ეს ენაც ავიწყდებათ.

ლალი  მეუღლესთან, – თურქეთის მოქალაქე ალიოსმან დალგიჩთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ახლა ის ცდილობს ალიმენტის მისაღებად სასამართლოში იჩივლოს, თუმცა არ იცის თურქეთის სასამართლოს მიმართოს თუ საქართველოს. დედის თქმით, მას შესაბამისი ინფორმაცია არც ბათუმში თურქეთის საკონსულოში მიაწოდეს.

„ბავშვების მამა ზოგჯერ აგზავნის ფულს, რომლითაც ბინას ვქირაობთ და საჭმლის ფული ფაქტობრივად არ გვრჩება“, – გვეუბნება დედა.

უფროსი გოგონა 2000 წელს არის დაბადებული, თუმცა რეგისტრაციაში მხოლოდ 2008 წელს არის გატარებული. დაგვიანებული რეგისტრაციის გამო  ის სკოლაშიც გვიან, – ცხრა წლის ასაკში შევიდა. როგორც დედა ამბობს, გოგონა ბოლო რამდენიმე წელია თავისთავში ჩაიკეტა: „საკონსულოს და ერთ-ერთი ორგანიზაციის დახმარებით, ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც გვყავდა, თუმცა დიაგნოზი არ მითხრეს. არ ვიცი რა სჭირს. ოთახიდან თითქმის არ გამოდის, სულ წევს.“

ლალი ამბობს, რომ სტამბულში გადასვლამდე ის და მისი ოჯახი ქალაქ ბურსასთან ახლოს ცხოვრობდნენ, თუმცა ქმრის პირველ ცოლთან კონფლიქტის გამო სახლიდან წამოვიდნენ. „როცა მამამთილი ცოცხალი იყო, პრობლემები არ მქონია, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ქმრის პირველმა ცოლმა პოლიციაში დამასმინა, რომ ქვეყანაში უკანონოდ ვცხოვრობდი. იმ დროს პატარა ბავშვი მყავდა, დეპორტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ იმ სახლიდან წამოვედით და სტამბულში, ნაქირავებში დავიწყეთ ცხოვრება. ქმართან პრობლემები მაშინ შემექმნა, როცა სახლების და ქონების გაყიდვა დაიწყო, ნაწილი კი ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ცოლს 2014 წელს  ოფიციალურად დაშორდა. პირველი მეუღლისგან ორი შვილი ჰყავს“.

ლალი ამბობს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ არ მუშაობდა. „მეუღლე ტრაილერის მძღოლი იყო და ოჯახს ის არჩენდა“. ამჟამად ის, როგორც თვითონ გვეუბნება, თურქეთიდან დეპორტირებულია. მას არ აქვს ინფორმაცია, თურქეთის კანონმდებლობით თანაცხოვრება ითვლება თუ არა ქორწინებად. რაც შეეხება 14 წელს მიუღწეველი შვილების საბაჟოზე მამის თანხმობის გარეშე შემოყვანას, ლალი ამბობს, რომ მისთვის საბაჟოზე მამის მინდობილობა არ მოუთხოვიათ. „ბავშვების მამას ვეღარ ვეკონტაქტები, ტელეფონზე არ მპასუხობს. ბათუმში თურქეთის საკონსულოშიც ვიყავი და დახმარება ვთხოვე. ჯერ დამპირდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში მიმაყვანინებდნენ, მერე მითხრეს, რომ თურქეთში დაბრუნდიო. როგორ დავბრუნდე, როცა დეპორტი მაქვს?

ლალი ყვება, რომ დახმარება ბათუმში არსებულ თურქულ სკოლასაც სთხოვა – ბავშვების სკოლაში მიღების თაობაზე, მაგრამ არც ისინი დაეხმარნენ.  „საკონსულოში მითხრეს, რომ ბავშვებს თვითონ წაიყვანენ თურქეთში, მაგრამ არ გავატანე. ისინი ბავშვთა სახლში ჩააბარებენ ან რა ვიცი იქ ვის ხელში იქნებიან. ვერც მამამისს გავატან, მას სახლი არ აქვს, ღამეს ტრაილერში ათევს, ბავშვებს ვერც მას ვანდობ“, – გვეუბნება ის.

დედის თქმით, არასრულწლოვანი ბავშვები მთელ დღეს სახლში ატარებენ ან ქუჩაში არიან: „პოლიციასთანაც ჰქონდათ უსიამოვნებები, მაგრამ პატარები არიან და არ იჭერენ. მინდა, რომ სკოლაში იყვნენ და ისწავლონ, იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში.

გარდა ამისა, ვერც ჯანდაცვის პროგრამებით ვსარგებლობთ, ვერც მუნიციპალური სასადილოთი. მინდა ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობა მივაღებინო და აქ ვიცხოვროთ“.

ლალი  წარმოშობით საჩხერიდან არის. იქ დედა და ოჯახის სხვა წევრებიც ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილებისთვის კარი მშობლიურ სახლშიც დაიკეტა.

„დედაჩემი მარტო ცხოვრობდა, თუმცა ბავშვები მაინც არ მიიღო. შემდეგ სახლი ჩემი დის სახელზე გადააფორმა და მეც კარები გამოვიხურე.“

შეუძლიათ თუ არა არასრულწლოვან ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და რას ითვალისწინებს კანონი მსგავს შემთხვევებში?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის მირზა მამულაძის განმარტებით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მოზარდს შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

„თუ ბავშვი არის 14 წელს მიღწეული, მაშინ მშობელს სჭირდება ბავშვის თანხმობა, სხვა შემთხვევაში კი მშობელს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თანხმობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვებიც მიიღებენ მოქალაქეობას“.

მირზა მამულაძის თქმით, ალიმენტთან დაკავშირებით ლალის შეუძლია ქართულ სასამართლოსაც მიმართოს. „ჩვენ დავავალეთ რამდენიმე დოკუმენტის მოტანა, რომ მზად ვიყოთ სასამართლოში სარჩელის შესატანად. მამა და ბავშვები თურქეთის მოქალაქეები არიან, დედას კი აინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოების მეშვეობით რამდენად არის შესაძლებელი ალიმენტის დაკისრება ბავშვების მამისთვის. ამის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს“.

ლალი ამბობს, რომ საიაში მას ქმრის დასაქმების ადგილისა და ხელფასის ოდენობის შესახებ ცნობის მიწოდება მოსთხოვეს. ქალის თქმით, მას ამ დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდება და მეუღლეს რომც სთხოვოს ამის შესახებ ინფორმაცია, ის მაინც არ მიაწვდის ამ მონაცემებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა თურქული კანონმდებლობის მცოდნე იურისტსაც [თურქეთის მოქალაქეს], რომელმაც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დედა არ არის ალკოჰოლდამოკიდებული, არ აქვს რაიმე ფორმის ფსიქიკური პრობლემა და არ არის პროსტიტუციაში ჩართული, შვილები შეიძლება ცხოვრობდნენ დედასთან.

დედას ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა, იურისტის თქმით, სასურველია, რომ იმ ქვეყნის სასამართლოს მიმართოს, რომელ ქვეყნის მოქალაქეც არის მოსარჩელე პირი. „რადგან მამა თურქეთში მუშაობს და აღსრულება უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, თურქეთის ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს სხვა ქვეყნის სასამართლოების განჩინებით. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ სარჩელი თურქულ სასამართლოში შევა“.

იურისტის განმარტებით, თუკი პირს არ აქვს თურქეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება, მას შეუძლია ნდობით აღჭურვილი ადვოკატი აიყვანოს და ისე აწარმოოს საქმე.

საქართველოში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ პოზიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ 21 მარტს შემოგთავაზებთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: