მთავარი,სიახლეები

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

20.03.2017 • 2886
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

კომპანია „ADOG GEORGIA“-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში გაჩერებული სასტუმროს მშენებლობა განაახლა. მშენებლობის ადგილზე განთავსებული ბანერის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს.

ბათუმში სასტუმრო-კომპლექსის აშენების პირობით ADOG GEORGIA-ს 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2011 წელს გადასცეს. კომპანიამ საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ჩაატარა, ჩემდეგ კი მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მშენებლობის მიმდებარედ არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტორს მათი სახლების დაზიანებაში ადანაშაულებდა.

2014 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმში 40-მილიონიანი ინვესტიციით „Swiss Belhotel International“-ის შემოსვლა დააანონსა. იქვე განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შპს ADOG GEORGIA უზრუნველყოფდა.

2011 წელს დადებული შეთანხმებით, კომპანიას 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა.

შეძლებს თუ არა ამჯერად კომპანია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას, ეს მომავალში გამოჩნდება. მშენებლობის ადგილზე დაცვის თანამშრომელმა „ბათუმალებს“ უთხრა, რომ კომპანიას საფუძვლიდან წყლის ამოშრობის პრობლემა აქვს: „ რვა მეტრი წყალი დგას“.

კომპანიის დირექტორის, მიხეილ ძოძუაშვილის განმარტებით, კომპანიას განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევს მუშაობა: „ გამომდინარე იქედან, რომ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, თითქმის ყველა ეტაპს ვათანხმებთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

კომპანიის დირექტორი ჯერჯერობით მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებს.

შპს „ADOG GEORGIA“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: