ბათუმის სასამართლო

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

დაზარალებულები ყვებიან, რომ საერთო ბიზნესი ჰქონდათ თურქეთის მოქალაქესთან ერთად, რომელმაც კონფლიქტის შემდეგ 300 ათასი ლარი მოითხოვა უსამართლოდ, ხოლო შემდეგ, როცა თანხა ვერ მიიღო, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩაერთნენ.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბრალდებულ კაკო ტ.-თან საუბარი სკაიპით ჩაწერა, მეორე ბრალდებულთან კი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ტელეფონით ჩაიწერა საუბრები. ეს ჩანაწერები მთავარი მტკიცებულებაა კანონიერ ქურდობაში, იარაღის უკანონო ტარებასა და თანხის გამოძალვაში ბრალდებულების მიმართ.

“ჩანაწერები განხორციელებულია კანონის არსებითი დარღვევით,” – გვიყვება ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი. მისი თქმით, მოსამართლეს ბრძანება ჰქონდა გაცემული სკაიპზე მიერთებულიყო მოსასმენი აპარატურა: “ამათ კი ოთახში დაამონტაჟეს ვიდეო თვალი და ისე ჩაიწერეს. მოსამართლის ამ კუთხით არ ჰქონია ნებართვა გაცემული. გარდა ამისა, არ ჩატარებულა ექსპერტიზა ამ ხმების ნამდვილობაზე. გამოძიებას შეეძლო აეღო დაკავებული რუსლანის ხმის ნიმუში და ეს დადგენილიყო. ნამდვილიც რომ იყოს, სატელეფონი საუბარში რუსლანი არ საუბრობს თანხის მოტანაზე, ან ქურდულ სამყაროზე. ის სვამს კითხვას: როდის მოხვალ?”

საქმის პროკურორი აქამდე რამაზ შავაძე იყო. იმის გამო, რომ პროკურორად ამჯერად ვლადიმერ თურმანიძე ჩაერთო საქმეში, სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

“ბუნებაში ხომ არ გაგვემართა შემდეგი პროცესი?”- იკითხა სხდომის დასრულებამდე ბრალდებულმა რუსლან ჩ-მ. მოსამართლემ მას უთხრა, რომ სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე.

“მე თავისუფალი ვარ”, – ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

“ყველანი თავისუფლები ვართ”, – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რუსლან ჩ.-ს და კაკო ტ.-ს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ. კანონი კანონიერ ქურდობაზე ორი წლით უფრო მეტ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობაზე.

მოსამართლემ ამ საქმის დასრულება აპრილში დაანონსა. აპრილში რუსლან ჩ.-ს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გასდის.

 

ავტორი