15171225_1200104896748411_6449101454908678739_n

ბათუმელ გოგონათა გუნდმა ქეთი მელუას სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა [კლიპი]

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მომღერალ ქეთი მელუას მიერ გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა.

ქეთი მელუამ გასული წლის დეკემბერში ევროპის საგუნდო კოლექტივების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გუნდებს  უნდა შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე  – Dreams on fire.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მიიღო. მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ შორის გუნდები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან ავსტრიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან. რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდის სიმღერაზე კლიპი სააგენტო „Brotherhood Production“-მა მოამზადა.

რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდი  9-დან 16 წლამდე 30-ზე მეტ გოგონას აერთიანებს. გუნდს მაგდანა მათითაიშვილი ხელმძღვანელობს. წელს გუნდი დაარსებიდან მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონალურ თუ საერთაშორისო მასშტაბებით გუნდს სხვადასხვა კონკურსზე მოპოვებული აქვს 4 გრან-პრი, 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.

საიუბილეო წელთან დაკავშირებით გუნდი სოლო კონცერტებს გეგმავს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com