მთავარი,სიახლეები

ავტომანქანების დეფიციტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

18.03.2017 • 3347
ავტომანქანების დეფიციტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

11-12 მარტის მოვლენების დროს, შსს-ს  ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის კუთვნილი 5 ავტომანქანა დაიწვა. რამდენი ავტომანქანა დაზიანდა, აქედან რამდენი იყო საპატრულო პოლიციის და რამდენი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს პრესამსახურში არ გვითხრეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი 4 ავტომანქანაა დამწვარი, ხოლო ათამდე დაზიანებულია [დაზიანებული და დამწვარია მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებიც] . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დეპარტამენტში ავტომანქანების არასაკმარისი რაოდენობა 11 მარტის აქციამდეც იყო – გასარემონტებელი ავტომანქანებიდან ზოგიერთის შეკეთება ან დროულად ვერ ხერხდება, ან „სიძვირის გამო“ აღარ არემონტებენ.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანაა სარემონტო და რატომ ვერ ხერხდება დროულად შეკეთება? – ამ კითხვებზე შსს-დან პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

„აქ კომისიური წესით ხდება ავტომანქანის შემოწმება. დგება ხარჯთაღრიცხვა, გადახედავენ პოლიციაში და თუ უღირთ შეკეთება, ვარემონტებთ, თუ არა, იგზავნება თბილისში და იქ ან ჩამოწერენ, ან შეიძლება 2 მანქანიდან ერთი ააწყონ“, – გვითხრეს „მათემოტორსის“ ბათუმის [ჩაქვის] სერვისცენტრში. – „აქციის დროს დაზიანებული ავტომანქანები კი ჩვენთან არ მოუყვანიათ. არც გვაქვს ისეთი სერვისი, რომ, ვთქვათ, გარედან დაზიანებული ავტომანქანები შევაკეთოთ.“

 

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ამ სერვისცენტრში დღეს პოლიციის 20-ზე მეტი ავტომანქანაა გაჩერებული [რომლებიც, როგორც ცენტრში ამბობენ, არა მარტო აჭარის, არამედ გურიისა და სამეგრელოს რეგიონში არსებულ განყოფილებებსაც ეკუთვნის]. აქედან, როგორც გვითხრეს სამი ჩამოსაწერი იქნება, დანარჩენს კი რიგითობის მიხედვით არემონტებენ. „მათემოტორსის“ ცენტრში ამბობენ, რომ მათთან, ძირითადად, ძველი ავტომანქანები რემონტდება: „ასეთი ხელშეკრულება გვაქვს. შედარებით ახალი ავტომანქანებიც აქვს სამინისტროს, რომლებსაც, თუ საჭირო გახდა „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ცენტრში არემონტებენ.“

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გასულ წელს „სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ ტენდერში „მათემოტორსმა“ გაიმარჯვა.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება, 22 ავტომანქანაზე შეადგენდა 2 630 747 ლარს,  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კი 300 ათას ლარზე გაფორმდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილება 9-ჯერ შევიდა. საბოლოოდ კი თანხაც გაიზარდა 30 ათასი ლარით. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გასულ წელს 330 ათასი ლარი „მათემოტორსს“ სრულად გადაურიცხეს.

რაც შეეხება 2017 წელს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

წელს ერთობლივი ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [აზიური] და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება იყო 4 898 320 ლარი. ხელშეკრულება კი 2017 წლის იანვარში სამინისტრომ კვლავ „მათემოტორსთან“ გააფორმა  1 087 937 ლარზე.  ამ ხელშეკრულებაში ორჯერ შეცდომა გასწორდა, 13-ჯერ ცვლილება შევიდა, საბოლოო თანხად კი 1 067 937 ლარი განისაზღვრა. აქედან 50 ათას ლარამდე უკვე გადარიცხულია კომპანიისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს TOYOTA-ს და LEXUS-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულება ასევე „მათემოტორსთან“ აქვს გაფორმებული 2017 წლის იანვარში – 1 340 000 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კი კომპანიისთვის მიმდინარე წელს უკვე გადარიცხულია 234 ათასი ლარი.

„მათემოტორსთან“ აქვს ხელშეკრულება სამინისტროს გაფორმებული წელს, SHKODA-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზეც. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისთვის 154 ათას ლარამდეა გადარიცხული.

„მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია სამართალდამცავებმა 2017 წლის 5 მარტს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

პოლიციის გასარემონტებელი ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: