მთავარი,სიახლეები

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

18.03.2017 • 2378
ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

18 მარტს თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში რამდენიმე ათეული ოჯახი შეიჭრა. მათი ნაწილი ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია მეწყრული პროცესების გამო და საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ. როგორც “ბათუმელებთან” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულთა ნაწილი აცხადებს, რომ ეკომიგრანტები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან, თუმცა აქ არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან და ასევე, რამდენიმე ოჯახი ე.წ. “ოცნების ქალაქიდან”. მათ შორის არიან ბავშვებიც.

“შეამოწმონ, შეისწავლონ ჩვენი სახლები და დაგვაკმაყოფილონ იმის მიხედვით, რაც გვეკუთვნის. რასაც ახლა ამბობენ, შევისწავლითო, ასე ამბობენ ათი წელია” – აცხადებენ ეკომიგრანტების სახლში შეჭრილი მოქალაქეები.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვი და საპატრულო პოლიცია.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესული მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მერიაში წავიდა, ნაწილი – ჯანდაცვის სამინისტროშო. ასევე, მთავრობის წარმომადგენლები, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად შუახევში, სოფელ ბუთურაულში გაემართნენ მდგომარეობის შესასწავლად.

“აქ არის ოჯახების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ აქამდე ქირით იყვნენ, სოციალური დახმარებას იღებდნენ, ახლა მოეხსნათ ეს დახმარება და ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას, რამდენიმე ოჯახია, რომელიც საუბრობს, რომ იყო მიგრირებული სხვა რეგიონში, დაბრუნდა და ისევ პრობლემა წარმოეშვა. ძირითადი ნაწილი არის ბუთურაულის [მოსახლეობა]. ხვალვე სოფელში ავა გეოლოგების ჯგუფი, თუ იქნება გეოლოგების დასკვნა, რომ იქ საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, სახელწიფო იღებს ვალდებულებას, ქირით აუღებს ბინებს მათ და როცა დასრულდება საკითხის შეწავლა ბოლომდე, ისინი ბინების [ეკომიგრანტთა პროგრამის] მოლოდინის რეჟიმში ჩადგებიან.” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლაივჩართვაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: