მთავარი,სიახლეები

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

17.03.2017 • 4193
ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა.

ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ. დაკავებულს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს სკოლაში არასდროს უვლია, შესაბამისად, არც წერა-კითხვა იცის. ის ქურდობაზე იყო უკვე ერთხელ გასამართლებული და პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული. ის მშობლებთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

დღეს, 17 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მასობრივ არეულობასა და პოლიციელების მიმართ თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთ-ერთი, ლაშა დეკანაძე 12 მარტიდან ხუთდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მასობრივი არეულობის საქმეზე სისხლის სამართლის წესით კიდევ 9 პირის დაკავებას აპირებს და დაკავების ორდერის მისაღებად უკვე მიმართა ბათუმის სასამართლოს.

ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 80 პირი დააკავეს. მათგან 17 მარტის მდგომარეობით 41 საქმე შესულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეებიდან 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 18 პირი დაჯარიმდა, ერთ არასრულწლოვანს ადმინისტრაციული შენიშვნა მისცეს, ორი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 13 საქმის განხილვა გადაიდო.

„ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკვებელი, ვიდრე დავაკავეთ“, – აღნიშნა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა მღებრიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: