მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

17.03.2017 • 2543
ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, ხოლო პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის შეფარდება გამორიცხულია, რადგან პოლიციელებისადმი თავდასხმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.

ბრალდებულებიდან სამს 4-დან 7 წლამდე, ხოლო ორს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის მიერ შედგენილი ბრალიც გააცნო ბრალდებულებს. პროკურატურის ვერსიით, ისინი ისროდნენ ქვებს, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“, რითაც გაანადგურეს, როფორც სახელმწიფო, ისე კერძო პირების ქონება.

ბრალდებულებიდან არცერთი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი. 4 მათგანი ბათუმელია, ხოლო ერთი თბილისში ცხოვრობს.

ამ წუთებში პროკურორი რამაზ შავაძე უსაბუთებს სასამართლოს, თუ რატომ უნდა შეეფარდოს ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა.

ამავე საქმეზე კიდევ ორი პირია ბრალდებული. ორივე მათგანი არასრულწლოვანია. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე, საღამოს 7 საათზე განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: