მთავარი,სიახლეები

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

17.03.2017 • 2203
სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება.

„ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს სამუშაო და ხვალ უნდა დაიწყოს ამ ბოძების აღმართვა. რაც შესაცვლელი და შესაკეთებელი იქნება, გააკეთებენ. მაგ მონაკვეთში ტენდერში გამარჯვებულს ქვეკონტრაქტორი ჰყავს და ის ასრულებს სამუშაოებს. ხის გადატანას არ უკავშირდება. ანალოგიურ სამუშაოს ვგეგმავთ, მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზეც ქობულეთში, სადაც კაბელებია შესაცვლელი და შესაძლოა ბოძების გამაგრებაც გახდეს საჭირო“, – განაცხადა სულხან ევგენიძემ.

დღეს, 17 მარტს, საღამოს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, სოფელ ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება. ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს. კომპანიაში, რომელიც ხის გადატანაზე მუშაობს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბოძების აღდგენა ხის გადატანისთანავე დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ ტვირთის გადატანაზე ნებართვა გაცემულია, სხვა საკითხები კი, მუნიციპალიტეტს და გზების დეპარტამენტს ეხება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეპარტამენტს გაცემული აქვს ნებართვა ბუკნარიდან ჩაქვში არაგაბარიტული ტვირთის გადატანაზე.

„რაც შეეხება საგზაო ნიშნებს, ერთი ნიშანია ამოღებული და ასე ხდება, როცა არაგაბარიტული ტვირთი გადაადგილდება. გადაიტანენ ტვირთს და ნიშანსაც აღადგენენ. რაც შეეხება გზის ჩაკეტვას, ჩვენგან ნებართვა არ გაიცემა. უბრალოდ, ჩვენ ყველა ხის გადატანის პროცესს ვესწრებოდით და ამჯერადაც დავესწრებით, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას – შესაძლოა ასაქცევი გზა გახდეს საჭირო და სხვა. ამჯერად, ზუსტი დრო არ ვიცით როდის დაიწყებენ ხის გადატანას, დაგვიკავშირდებიან და გავალთ“, – გვითხრეს გზების დირექციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: