მთავარი,სიახლეები

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

17.03.2017 • 10483
მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს.

რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო.

„რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე ჭიქის დალევა მომიხდა და ამიტომ ვარჩიე „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურებით მესარგებლა. მოვიდა მძღოლი და წამოვედით. ჭავჭავაძის ქუჩაზე ძალიან ცუდი მანევრირება გააკეთა, პატრულმა დაგვაფიქსირა და გაგვაჩერა. აღმოჩნდა, რომ მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონია. იმის გამო, რომ მანქანა ჩემი იყო, 700 ლარით დამაჯარიმეს, მძღოლი – 500 ლარით“, – გვიყვება ჩარიტა.

ჩარიტა საპატრულო პოლიციელის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს ასაჩივრებს სასამართლოში. ამბობს, რომ ადმინისტრაციული დავის შემდეგ სარჩელს სამოქალაქო წესით ტაქსის კომპანიის წინააღმდეგაც შეიტანს და კომპენსაციას მოითხოვს.

ჩარიტა ჟღენტი: „რამდენჯერმე მივმართე ამ კომპანიას. თავდაპირველად მითხრეს, რომ ზარალს ამინაზღაურებდნენ, მაგრამ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. კომპანიას სახელი შეუცვალეს და ახლა მეუბნებიან, ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჩვენ რა შუაში ვართო. პრინციპის ამბავია, უნდა მოვახერხო საკუთარი უფლებების დაცვა“.

„პასუხი წინა ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ, ჩვენ არაფერი ვიცით“, – გვითხრეს კომპანიაში, რომელსაც ჩარიტა ედავება და სადაც „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. კომპანიის სახელწოდებას, ვიდრე სასამართლო პროცესები არ დასრულდება, „ბათუმელები“ არ ასახელებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: