მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

16.03.2017 • 5917
ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის  არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.

აქამდე სამართალდამცავ უწყებებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვა პირი არ მიუციათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ 6 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი უახლეს 48 საათში უნდა განიხილოს.

ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 80 პირი დააკავა. დაზუსტებული მონაცემი დღეს სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენლობამ დაასახელა. ამ ციფრს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. 80 პირიდან 11 მარტის აქციამდე ასევე 6 პირი დააკავეს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში 32 საქმე შევიდა. 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 10 ადამიანს – ჯარიმა 250 ლარი, 1 არასრულწლოვანს  შენიშვნა მისცეს, ხოლო 2 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთოდ შეწყდა. 12 პირის საქმის განხილვა გადადებულია დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: