მთავარი,სიახლეები

მუხრან ვახტანგაძეზე ერთი წიგნის მომზადება-დაბეჭდვაში სახელმწიფო 43 ლარს იხდის

16.03.2017 • 1959
მუხრან ვახტანგაძეზე ერთი წიგნის მომზადება-დაბეჭდვაში სახელმწიფო 43 ლარს იხდის

წიგნის – „მუხრან ვახტანგაძე – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ გამოსაცემად, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 48 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა წიგნის გამოცემას 43 ათასი ლარი დასჭირდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: ბათუმში რეგისტრირებული შპს „მარკა“ და თბილისში რეგისტრირებული შპს „სეზანი“. მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად დეპარტამენტს სწორედ „სეზანმა“ შესთავაზა – 43 ათასი ლარი.

სატენდერო კომისიამ „სეზანი“ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა. შესყიდვების ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, წიგნის მომზადება-დაბეჭდვის თაობაზე მხარეები ხელშეკრულებას უკვე ამზადებენ.

სატენდერო პირობების მიხედვით, დაიბეჭდება 200-გვერდიანი, არანაკლებ 1000 ცალი წიგნი.

მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა“.

ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: