მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების ვადა უცნობია

16.03.2017 • 3101
ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების ვადა უცნობია

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ზუსტად როდის შევა იგი ექსპლუატაციაში, ჯერ უცნობია. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, ამჟამად პროცედურული ღონისძიებები ტარდება და სანამ ქობულეთის გამწმენდი ნაგებობა ამუშავდება, ჯერ დასრულებული ნაგებობა უნდა ჩაიბარონ პროექტის კონტრაქტორებმა.

ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც სანაპირო ზოლზე გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მონაცემებით, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ზოგან შედარებით დაბალია, ზოგან კი მაღალი, თუმცა დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ზღვარს არ სცდება.

მაგალითად, 2016 წელს აპრილიდან ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევით, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, რომელთა ნორმაც წყლის 1 დეციმეტრ კუბში არის 10 000, აჭარის სანაპიროზე ასეთი მაჩვენებლით დაფიქსირდა: ქობულეთის პლაჟზე –  620, ბობოყვათში – 620, სარფში – 500, კვარიათში – 500, ბათუმში, აკვაპარკთან – 950, ბათუმში, ცენტრალურ პლაჟთან – 1300, ბარცხანაში – 2400 და მწვანე კონცხზე – 950.

ასევე, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირის მაჩვენებელი, რომლის ნორმაც წყლის 1 დეციმეტრ კუბში არის 5000, აჭარის სანაპიროზე ასეთი გამოიყურება: ქობულეთის პლაჟზე – 230, ბობოყვათში – 230, მწვანე კონცხი – 230, სარფში – 50, კვარიათში – 60, ბათუმში, აკვაპარკის ტერიტორიაზე – 230, ბათუმში, ცენტრალურ პლაჟთან – 200 და ბარცხანაში – 630.

ქობულეთის წყალარინების პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გასული წლის მარტში დაიწყო და წელს თებერვალში დასრულდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე 120 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

ამავე თემაზე: შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: