მთავარი,სიახლეები

„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე

15.03.2017 • 1731
„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე

ავთანდილ ქათამაძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. ქათამაძე ფეროშენადნობთა ქარხანაში 1984 წელს მძიმედ დაშავდა და 2007 წლამდე სახელმწიფოსგან ყოველთვიურ სარჩოს იღებდა.

მოსარჩელე იმ სამართლებრივი აქტების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ყოველთვიურ სარჩოს უნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ ადამიანს, თუკი საწარმოს წილის 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1996 წლიდან სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და აქციათა 0,8%-ის მფლობელი მუშათა კოლექტივი გახდა.

ავთანდილ ქათამაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ მცირედი სხვაობის გამო მას არ უნდა შეეზღუდოს სარჩოს მიღების უფლება სახელმწიფოსგან.

მოსარჩელეს 2007 წელს საქმე მოუგია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოშიც, მაგრამ გაკოტრების გამო სს „ფერომ“ სარჩოს გადახდა ვერ მოახერხა.

ამ პროცესამდე 2006 წელს „ფეროს“ აქტივები შპს „ჯორჯიან მარგანეზს“ უყიდია, თუმცა ის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ფეროს“ სამართალმემკვიდრედ არ მიიჩნია.

ავთანდილ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან მას პროფესიული დაავადება დაუდგინდა მაშინ, როდესაც საწარმოს წილების 100 პროცენტის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. შესაბამისად, ისიც უნდა სარგებლობდეს სახელმწიფოსგან ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: