მთავარი,სიახლეები

ენმ: მოვითხოვთ, შსს-მ ამოიღოს 11 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერები

15.03.2017 • 1841
ენმ: მოვითხოვთ, შსს-მ ამოიღოს 11 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერები

დღეს, 15 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა – გია აბულაძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადეს, რომ 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.

„ჩვენ წუთების მიხედვით დავამუშავეთ აჭარის ტელევიზიაში გასული მასალა და აქედანაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გადააბრალოს აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადაფაროს ის ფაქტი, როგორ დაიწყო მომიტინგეების პროვოცირება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე პოლიციის სამმართველოში მოლაპარაკებაზე შედის 22:40 საათზე, რადგან სამართალდამცავები ვერ პოულობდნენ გზას, თუ რის საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინათ დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ დავით გაბაიძე არის იურისტი, მაინც ეძებდნენ გზებს და ვერ იპოვეს. შემდეგ შეიყვანეს მირდატ ქამადაძე, რომელმაც მიუთითა სამართალდამცავებს ის მუხლები, რის საფუძველზეც შეეძლოთ დაკავებული პირების გათავისუფლება.

ამის შემდეგ ვიღებთ პირობას მინისტრის მოადგილისგან ამირანაშვილისგან [ბესიკი], რომ 15-20 წუთში ეს ადამიანები იქნებოდნენ გარეთ და ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა აქციის მონაწილეებისთვის.

22:12 წუთზე გამოვდივართ აქციის მონაწილეებთან და ვეუბნებით, რომ პირობა მივიღეთ დაკავებულების გამოშვებაზე, თუმცა, 23:57 წუთზე გამოდის სპეცდანიშნულების რაზმი და იწყებს მომიტინგეების დარბევას. იწყება რეზინის ტყვიების სროლა და ცრემლსადენი გაზის გაშვება.

ამის შესახებ 00:08 წუთზე გადასცემდა აჭარის ტელევიზია. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, ამოღებულ იქნას შს სამმართველოსთან დამონტაჟებული ყველა ვიდეოკამერები, სადაც დაფიქსირებულია ეს ფაქტები და დაერთოს საქმის მტკიცებულებას,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. მისი თქმით, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, რომ „ის, რაც 12 საათის შემდეგ განვითარდა, ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული“.

გია აბულაძის თქმით,  საპროტესტო აქციის ღამეს უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით ბაციკაძე, ვახტანგ წულაძე და გიორგი რომანაძე იდგნენ ლორიას ქუჩაზე, სადაც ისინი თავიანთ აქტივისტებს არიგებდნენ, თუ როგორ უნდა დაებრალებინათ აქციის ორგანიზატორობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ერთ-ერთმა მოქალაქემ მითხრა, შეხედე, ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენო. ამან გამოიწვია ჩემი აგრესია, თუ რატომ ამბობდნენ ამ ტყუილს და მივედი მათთან, ტელევიზიებმაც გააშუქეს ეს. დავით ბაციკაძემ მაშინ თქვა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით. თუმცა ამის შემდეგ ის ადამიანები, ვისაც ეს პირები ელაპარაკებოდნენ, გამოდიან ლორიას ქუჩიდან და მიემართებიან აქციის ეპიცენტრში  და იგინებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით“.

გია აბულაძე ამბობს, რომ „შს სამინისტრომ ამოიღოს ღამის ორი საათის შემდეგ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და გაარკვიოს ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვისი მობილიზებაც მოახდინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა და რატომ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით,  11 მარტის აქციის მოვლენებთან დაკავშირებითარც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: