მთავარი,სიახლეები

კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში – 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება საჭირო აღარ არის

15.03.2017 • 2749
კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში – 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება საჭირო აღარ არის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება კონკურსანტს აღარ მოეთხოვება. შესაბამის ბრძანებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ხელი 13 მარტს მოაწერა.  მუშაობის გამოცდილება ძირითადად არ მოეთხოვება იმათ, ვისაც მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სურს მუშაობის დაწყება.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ნაზი მგელაძის განმარტებით, „თუ ადამიანმა არ დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეალურად მას მუშაობის გამოცდილება არც ექნება. არის თანამდებობები, პასუხისმგებლობა, კონკრეტული უფლება-ვალდებულებები კონკრეტულ პოზიციებზე… ვინაიდან სამინისტროში იერარქიულად დაბალი რანგი არის მთავარი სპეციალისტი, აქ მოთხოვნებიდან ამოვიღეთ მუშაობის გამოცდილება“.

კითხვაზე, ხომ არ აჩენს ეს იმის ეჭვს, რომ შესაძლოა საკონკურსო პირობები ვინმეს წინასწარ მოარგონ, სამინისტროს იურისტი პასუხობს: „აქ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას და თავის დასაბუთებას და რეკომენფდაციას შემდეგ წარუდგენს მინისტრს. ანუ, ეს არის საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი, სადაც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღებაც და დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაც… რა თქმა უნდა, ახალი ძალა, ახალი კადრები თუ გაიმარჯვებს კონკურსის შედეგად და კვალიფიკაციის მიხედვით, ამას მხოლოდ მივესალმებით“.

გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 36 მთავარი სპეციალისტი იყო დასაქმებული. თითოეულის ხელფასი თვეში 840 ლარია, რასაც ემატება 330 ლარი დანამატი ყოველთვიურად და ასევე პრემია კვარტალურად. მიმდინარე წელს სამინისტროში შტატების რაოდენობის მხრივ, არაფერი შეცვლილა [დაემატა მხოლოდ ერთი შტატი – მძღოლის].

პოზიციები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან ამოღებული იქნა მუშაობის გამოცდილება:

  • ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ბიუჯეტის დაგეგმვის დარგში);
  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვების დარგში);
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

აღნიშნული პოზიციებიდან სამინისტროში დღეს ვაკანტურია ორი: ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციები, რომლებზეც კონკურსი, ნაზი მგელაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისამდე გამოცხადდება.

მინისტრის ბრძანება გუშინ, 14 მარტს ამოქმედდა. პარალელურად, სამინისტროში კონკურსიც მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე, განცხადებების გადარჩევის შემდეგ, მეორე  ეტაპზე 28 კონკურსანტიდან გადავიდა 8 კონკურსანტი:

ირაკლი ანანიძე; როლანდ გათენაძე; გიორგი ვარდოსანიძე; ნინო კურტანიძე; ინდირა ნაკაიძე; ზურაბ ნაკაშიძე; ზია საგინაძე; ნანა შავაძე.

კონკურსის მომდევნო ეტაპი [გასაუბრება] გაიმართება 2017 წლის 21 მარტს.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ეთად, საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილებასაც ითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: