მთავარი,სიახლეები

ეკომიგრანტები 25-ათასლარიან პროგრამაში ჩასართავად იუსტიციის სახლებში უნდა დარეგისტრირდნენ

15.03.2017 • 2122
ეკომიგრანტები 25-ათასლარიან პროგრამაში ჩასართავად იუსტიციის სახლებში უნდა დარეგისტრირდნენ

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სერვისის დანერგვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალს მიმართონ განცხადებით. აქამდე ამ მომსახურებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აკეთებდა.

აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს თუ სხვა პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი ესაჭიროებათ, შესაძლებლობა აქვთ, განცხადებით იუსტიციის სახლებსაც მიმართონ და აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსაც. საუბარია იმ ეკომიგრანტ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი 25-ათასლარიანი პროგრამის ფარგლებში შეისყიდონ.  მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ბენეფიციართა ბაზა არის ერთიანი, ამიტომ სად დარეგისტრირდება საცხოვრებლის მაძიებელი, მნიშვნელობა არ აქვს:

„ჩვენ დარეგისტრირების შემდგომ გამოვითხოვთ ინფორმაციას ბაზიდან და ამის მიხედვით ვყიდულობთ საცხოვრებელს ამ პირებისთვის. აქამდე რეგისტრაცია ჩვენს სამინისტროში ხდებოდა, ახლა შეუძლიათ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სახლშიც“.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, საცხოვრებლის მაძიებელი ბენეფიციარები ჯერ ბაზაში დარეგისტრირდებიან, კატეგორიას კი გამგეობები ანიჭებენ: „საცხოვრებლით დაკმაყოფილება ხდება ქულების მიხედვით. ვისაც ყველაზე მაღალი ქულა ექნება, ის დაკმაყოფილდება პირველ რიგში. პირველ კატეგორიაში არის სტიქია, შემდეგ მოდის ის ოჯახი, თუ ოჯახში ჰყავს შშმ პირი ან პენსიონერი, ან ონკოლოური ავადმყოფი, ყველაზე არის შესაბამისი ქულები განსაზღვრული და ამის მიხედვით ხდება რიგითობა“.

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარიდან საცხოვრებლის მოთხოვნით 600-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ეკომიგრანტია,“ – ამბობს ჯინჭარაძე. მისივე ინფორმაციით, სოფელ ქვემო თხილვანადან თითქმის ყველა ოჯახს აქვს განაცხადი შევსებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: