სიახლეები

ბებია შვილიშვილს სახლის საკუთარ წილს სასამართლოში ედავება

15.03.2017 • 2396
ბებია შვილიშვილს სახლის საკუთარ წილს სასამართლოში ედავება

ქობულეთში ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრები ხანდაზმული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მოხუცს, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილი უყვირის და უცენზურო სიტყვებით მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ 79 წლის ქალსა და მის შვილიშვილს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე შვილიშვილი გახდა. როგორც ასოციაციის იურისტი მარინე ჟღენტი ამბობს, მოხუცს შვილიშვილისთვის მხოლოდ საკუთრების ერთი მეორედი ნაწილის გადაცემა სურდა, თუმცა ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, პირობებს არ გაცნობია და შესაბამისი ინფორმაცია მისთვის არავის მიუწოდებია.

სავარაუდო მოძალადე და ხანდაზმული ორსართულიან სახლში ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობენ.

ოჯახის წევრებს შორის არსებულმა დავამ მოგვიანებით სასამართლოში გადაინაცვლა. ხანდაზმულის უფლებებს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ იურისტი მარინე ჟღენტი იცავს. სასამართლოში კი მისი ინტერესების დამცველია ადვოკატი მერი ცინარიძე. სასამართლო პროცესი მაისის თვეშია ჩანიშნული.

ხანდაზმული ახლა საკუთარი წილის უკან დაბრუნებას ითხოვს, რამაც შვილიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, შედეგად ოჯაში კონფლიქტს სისტემატური სახე მიეცა. მარინე ჟღენტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ინციდენტის დროს, მოხუცის ფიზიკური შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად, ადგილზე სამართლადამცავების მისვლაც გახდა საჭირო.

ასოციაციაში ამბობენ, რომ მხოლოდ მათთან გასულ წელს ხანდაზმულ ადამიანებზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის დაახლოებით 20-25 შემთხვევა დაფიქსირდა. ქონების მოტყუებით ან ინფორმაციის დამალვით მითვისების კი -დაახლოებით 10 შემთხვევა.

„იყო შემთხვევა, როცა ფსიქოლოგიური ძალადობით დედის პენსიას შვილი იღებდა და ხანდაზმული თავისი პენსიით ვერ სარგებლობდა. ასევე იყო შემთხვევა, როცა შვილმა 90 წლის მამის საკუთრება, მამისგან სრულიად დაუკითხავად გადაიფორმა და იპოთეკით დატვირთა, რის შემდეგაც მოხუცთან იძულებითი გამოსახლების მიზნით სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. ჩვენი ჩართულობით კი ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერდა, შვილთან დაკავშრებაც გაგვიჭირდა, წალკაში იყო საცხოვრებლად გადასული. მთელი უბედურება ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე არის შვილი, შვილიშვილი ან ქმარი, რის გამოც არ სურთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში უჩივლონ და ოჯახური დავა სააშკარაოზე გამოიტანონ,“ – ყვება მარინე ჟღენტი.

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ აჭარაში ხანდაზმული ადამიანების უფლებებს 2009 წლიდან იცავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: