მთავარი,სიახლეები

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

14.03.2017 • 2485
სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია.

მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

davit cincadze 2

დავით ცინცაძის ოჯახი ოთხი წელია უშუქოდ ცხოვრობს

სამეზობლო დავამ გასული წლის დასაწყისში სასამართლოში გადაინაცვლა. დავით ცინცაძის სარჩელი „ენერგო პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ აპრილში განიხილა. დავით ცინცაძის ინტერესებს მაშინ და ახლაც ორგანიზაცია „სიმართლის და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი, გივი მამულაძე იცავს. ის სასამართლოში აქცენტს აკეთებდა სახელმწიფოს  კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, ნებისმიერ მოქალაქეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დავით ცინცაძე სანატორიუმის შენობაში უკანონოდ ცხოვრობს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, გაეცა ნებართვა სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაზე, რომლის საფუძველზეც „ენერგო პრო ჯორჯია“ შეძლებდა დავით ცინცაძის ოჯახის ცალკე აბონენტად დარეგისტრირებას. სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ქონების მართვის სააგენტომ ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართა, სადაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, განიხილავენ თუ არა ამ სარჩელს.

რამდენად სამართლიანია და ადეკვატური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან გამოჩენილი პრინციპულობა ამ შემთხვევაში? – არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს კომპრომისის თემაა, რაც ამ შემთხვევაში საჭირო არ იყო.

„ცოტა უცნაურობა გვჭირს: სადაც კომპრომისია საჭირო, იქ ვიჩენთ პრინციპულობას. მოქალაქეს აქვს სახელმწიფო იმისთვის, რომ დაეხმაროს. ერთია, საზოგადოებრივი ინტერესი და მეორეა სახელმწიფოს კანონისმიერი ინტერესი. თუ ამ ორ ინტერესს შევადარებთ, ამ შემთხვევაში ცალსახად საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალია, რადგან მისი შესრულება არ აზიანებს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს. მოქალაქე არ ითხოვს მესაკუთრედ აღიარებას ან იმას, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური სახელმწიფომ გადაუხადოს. სახელმწიფომ უნდა უთხრას მოქალაქეს, რომ დატოვოს სახელმწიფო საკუთრება, ან ალტერნატიული დროებითი სარგებლობის ფართი გამოუყოს. თუ არც ერთს აკეთებს და არც მეორეს, მაშინ ადამიანისთვის მინიმალური პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა“, – განმარტავს არჩილ ხახუტაიშვილი.

რატომ იჩენს პრინციპულობას ქონების მართვის სააგენტო? – არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს არ სურს შექმნას პრეცედენტი:

„თუმცა ფაქტია, რომ სხვა ადგილებზე, სადაც თვითნებურად არიან ადამიანები შესახლებულები, მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ. მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ერთი რეგისტრირებული აბონენტიდან ნაწილდება ასეულობით ოჯახზე ელექტროენერგია. ეს იგივე „ლევი“ ხაზია და ამაზე თვალს ხუჭავს იგივე სახელმწიფო.“

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: