mgebrishvili

შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია შეაფასა, როგორც პროვოკაცია.

გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან მოსახლეობასთან 11 მარტს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ ისაუბრა. ხულოში მინისტრს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, შეხვედრის კადრები, სადაც ჩანს, თუ რაზე ესაუბრა მინისტრი მოსახლეობას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 14 მარტს გაავრცელა.

„ … შეგვეძლო გამოგვეყენებინა ძალა, ჩვენ გვაქვს იმის ძალაც და რესურსიც, რომ ის ხალხი დაგვეშალა, მაგრამ ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას, ჩვენ არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა. ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ ის ადამიანები, ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყვნენ მოსულები, წავიდოდნენ.

როგორც კი ადგილზე დარჩა კრიმინალები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენ მერე უკვე ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე სამი დამწვარი მანქანა. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რაც მოგვაყენეს, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს. და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო. მოთმინებას ვგულისხმობ.

დილისკენ უკვე, როდესაც შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ აღარავინ აღარ იყო… თუ დაზიანებულია ვინმე, დაზიანებულია ისევ პოლიციის თანამშრომლები. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.

მე გაძლევთ იმის პირობას, რომ სიმშვიდე ყველგან იქნება, არამარტო აჭარაში, მთელ საქართველოში. ჩვენ ძალაც გვაქვს, რესურსიც გვაქვს იმისა, რომ ვიმოქმედოთ წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ წესრიგის დამყარებას ასევე არ გვინდა, რომ ვინმეს ჯანმრთელობა და ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს, არ გვიღირს ამად. ჩვენ ვერ დავუშვებდით და ჩვენს თავს ვერ მივცემდით იმის უფლებას, რომ გავსულიყავით და უხეში ძალა გამოგვეყენებინა. შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და მე ასი პროცენტით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები დაზიანდებობდნენ და ძალიან სერიოზულად. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე. პოლიცია თუ სადმე რამეს გაამკაცრებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვერჩით. ეს იმას ნიშნავს, რომ წესრიგი უნდა იყოს. ნუ დაარღვევ კანონს და არც დაჯარიმდები. მაგრამ ის, ვინც არღვევს კანონს, მან უნდა აგოს ამაზე პასუხი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რას ვაშავებთ და რას არ ვაშავებთ.“ – განაცხადა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ავტორი