გიორგი ერმაკოვი

ბათუმის მერი: აქციის შედეგად ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს 150 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, მერის თქმით, განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, „აქედან ორი ავტომანქანა არის კერძო პირის საკუთრება, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს და დანარჩენი ავტომანქანები ეკუთვნის შს სამინისტროს“.

დამწვარი ავტომობილები გადატანილია შს სამმართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ზიანს, მერის თქმით, დაახლოებით 7 ნაგვის კონტეინერი დაზიანდა, რომლებიც გამოცვალეს. „ასევე დაზიანებულია 25-მდე ე.წ. ჭკვიანი  შუქნიშანი, რომლებიც ძვირადღირებულია. აქედან 4  საავტომობილო შუქნიშანია, 8 კი – საქვეითო. ამ შუქნიშნების აღდგენისთვის დაახლოებით 120 ათასი ლარი გვაქვს გათვალისწინებული.

აღდგენილია ტროტუარები და ქუჩის გამყოფი ზოლი. 115 გრძივი გზაგამყოფი გვაქვს იმ მონაკვეთში, სადაც  აქცია მიმდინარეობდა, ზოგიერთი გზაგამყოფი ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია“.

ერმაკოვის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ზარალი ბათუმის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება თუ აჭარის ბიუჯეტიდან. „სამთავრობო კომისიას ვთხოვთ თანხის გამოყოფას თუ ჩვენ აღვადგებთ, ამას დეტალურად გავივლით,“-ამბობს მერი.

საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს დაიწყო და 12 საათს გასტანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com